ახალი ამბები

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის და ორი წევრის არჩევა კვლავ ვერ შეძლო

22 ივლისი, 2021 • 702
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის და ორი წევრის არჩევა კვლავ ვერ შეძლო

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის და ორი პროფესიონალი წევრის არჩევა კვლავ ვერ შეძლო. კენჭისყრა პარლამენტში დღეს, 22 ივლისს, გაიმართა.

პირველი კენჭისყრის მსგავსად, კანდიდატებმა ვერც დღეს შეძლეს საჭირო რაოდენობის – 100 ხმის მიღება.

“საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად პარლამენტს სულ 4 კენჭისყრის ჩატარება შეუძლია. პირველ და მეორე კენჭისყრაზე საჭიროა, რომ კანდიდატებმა პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 ანუ 100 ხმა მოიპოვონ.

თუ კანდიდატები 100 ხმით ვერ აირჩევიან, მაშინ მესამე კენჭისყრაზე მათ პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ის ანუ 90 დეპუტატის ხმა უნდა მოიპოვონ. თუ კანდიდატები ვერც 90 დეპუტატის მხარდაჭერას მოიპოვებენ, მაშინ ისინი მეოთხე ანუ საბოლოო კენჭისყრაზე პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით – 76 ხმით უნდა აირჩიონ.

იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს თავმჯდომარ 100-ზე ნაკლები ხმით აირჩევა, მაშინ მისი უფლებამოსილების ვადა 5 წლის ნაცვლად 6 თვე იქნება.

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი. ხოლო ცესკოს წევრობა სურთ გია ცაცაშვილს, ლელა ტალიურს, თამარ სართანიას და მაია ზარიძეს.

ცესკოს ახალ თავმჯდომარეს 5 წლით მხოლოდ “ოცნება” ვეღარ აირჩევს

მასალების გადაბეჭდვის წესი