ახალი ამბები

36 ორგანიზაცია და პარტია კუჭავას მოუწოდებს, იმოქმედოს ქალებზე ძალადობის ფაქტების წინააღმდეგ

22 ივლისი, 2021 • 1905
36 ორგანიზაცია და პარტია კუჭავას მოუწოდებს, იმოქმედოს ქალებზე ძალადობის ფაქტების წინააღმდეგ

36 არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტია პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მოუწოდებს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ 18 ივლისს ქალების მიმართ გამოვლენილი “შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი ქმედებებზე” პასუხი აგონ პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა, შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი ზარქუამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 18 ივლისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის “დუმილი და უმოქმედობა” ძალადობას ახალისებს.

კერძოდ, როდესაც თინათინ ბოკუჩავა ცდილობდა ტრიბუნაზე ასვლას, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სიტყვით უნდა გამოსულიყო, მმართველი გუნდის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ბოკუჩავას ხელი მოხვია, ზემოთ ასწია და რამდენიმე მეტრის მოშორებით, მისივე ნების საწინააღმდეგოდ გადააადგილა. ასევე, დაკავებული ადგილის დატოვება აიძულეს ენმ-ის კიდევ ერთ დეპუტატ ნონა მამულაშვილსაც. ლექსო ლაშქარავას პლაკატით ხელში მამულაშვილმა დეპუტატების მაგიდაზე ასვლა სცადა, მალევე კი დეპუტატმა ირაკლი მამულაშვილმა ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა. კადრებში ჩანს, რომ მამულაშვილი ინციდენტისას თითქმის ძირს ვარდება.

“ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და აქტივისტები მრავალი წელია ვიბრძვით გენდერული თანასწორობისათვის. შალვა პაპუაშვილის და ირაკლი ზარქუას მიერ პოლიტიკოსი ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობა აზრს უკარგავს თანასწორობისთვის ბრძოლაში მიღწეულ წარმატებას. საქართველოს არცერთი მოწვევის პარლამენტში მსგავს ძალადობრივ ფაქტს ქალი დეპუტატების მიმართ არ ჰქონია ადგილი. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან პარლამენტის წევრებმა საჯაროდ და დემონსტრაციულად წაახალისეს ქალის მიმართ ძალადობრივი მოპყრობა; აჩვენეს საზოგადოებას, რომ ქალის “მიუღებელი” პროტესტი შესაძლოა კაცმა ფიზიკური ძალით ჩაახშოს. სამწუხაროდ, პარლამენტში სისტემური სახე აქვს ქალების მიმართ სექსისტურ გამონათქვამებსა და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას. ეს ძალადობრივი ქმედებები ჩრდილს აყენებს ნებისმიერ კანონს, რომელიც პარლამენტს მიუღია ქალთა უფლებების გასაძლიერებლად, რადგან საკანონმდებლო ორგანოშივე საჯაროდ ხდება მათი გათელვა გამოვლენილი ფიზიკური ძალადობით, ძალადობის ფაქტის არაღიარებით, დუმილით ან გამართლებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორების შეფასებით, მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ პაპუაშვილი და ზარქუა “საკუთარი მოქმედების ძალადობრივ ხასიათს და არსს არც კი აცნობიერებენ”. ამასთან, არაკვალიფიციურად მიიჩნევენ პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებასაც, რომლის თანახმადაც ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ პაპუაშვილის და ზარქუას ქმედება არ იყო ქალზე ძალადობა, არამედ პაპუაშვილმა ბოკუჩავა “უბრალოდ არ მიუშვა, გამოსწია აქეთ”.

“მიუღებელია პარლამენტის თავმჯდომარის დუმილი და უმოქმედობა აღნიშნულ პრობლემაზე, უფრო მეტიც, ეს ძალადობას ახალისებს. მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი ადეკვატური რეაგირებისათვის, რათა მოძალადე პარლამენტის წევრებმა, შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი ზარქუამ, სათანადო პასუხი აგონ ქალი დეპუტატების მიმართ გამოვლენილი შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი ქმედებების გამო”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები:

1. ქალთა მოძრაობა
2. ქალები საერთო მომავლისთვის (WECF GEORGIA)
3. ქალები საქართველოდან
4. კავშირი „საფარი“
5. ქალთა ფონდი საქართველოში
6. ფონდი ტასო
7. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
8. სამართლიანი არჩევნები (ISFED)
9. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
10. საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო (TI)
11. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
12. თბილისი პრაიდი
13. თანასწორობის ცენტრი
14. სამართლებრივი კვლევის, სწავლებისა და დახმარების ცენტრი
15. კავშირი ფრეია
16. ახალგაზრდა ფემინისტები
17. We 4 education
18. ფემინა
19. პროგრესის ცენტრის
20. წითელი ხაზები
21. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
22. პოლიტიკური მოძრაობა „დროა“
23. რესპუბლიკური პარტია
24. პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის”
25. პარტია ანა დოლიძე – ხალხისთვის ვაწერთ ხელს
26. ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა
27. ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის
28. ,,სტრატეგია აღმაშენებელი”
29. პარტია „სამართლიანობისთვის“
30. პარტია „საქართველოსთვის“
31. პარტია „კანონი და სამართალი“
32. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)
33. თავისუფალი დემოკრატები
34. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს ევროპელი დემოკრატები”
35. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის
36. პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნა

ამავე თემაზე ნახეთ ვრცლად:

დეპუტატი მანდატურის ფუნქციით — როგორ იძალადეს ქალებზე პარლამენტში

მასალების გადაბეჭდვის წესი