ახალი ამბები

“დასაჯეთ მოძალადეები” – პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბანერი კვლავ გამოფინეს

22 ივლისი, 2021 • 785
“დასაჯეთ მოძალადეები” – პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბანერი კვლავ გამოფინეს

პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილის მოსმენისას ჟურნალისტებმა სხდომათა დარბაზში გამოფინეს ბანერი, წარწერით “დასაჯეთ მოძალადეები”, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ჟურნალისტებს მიმართა, რომ მოძალადეები აუცილებლად დაისჯებიან და ამას პარლამენტიც გააკონტროლებს:

“ჟურნალისტებს მივმართავ. მესმის პროტესტის გამოხატვის ფორმა, თქვენ ამის უფლებაც გაქვთ. მოგეცით კიდეც საშუალება. აუცილებლად დაისჯებიან მოძალადეებიც, აუცილებლად იქნება ამაზე შესაბამისი რეაგირებაც. მათ შორის პარლამენტი გააკონტროლებს, იქნება ეს საგამოძიებო კომისია თუ სხვა ფორმატი, რომ აუცილებლად მოხდეს ყველა მოძალადის დასჯა. არსებობს ვიდეოკადრები. გამოძიება მიმდინარეობს და აუცილებლად იქნება ანგარიშვალდებული გამოძიება და ყველა უწყება მთელი საზოგადოების წინაშე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით”, – თქვა კუჭავამ.

მან ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ პარლამენტი “ნამდვილად იქნება” ის ადგილი, სადაც ჟურნალისტებს კრიტიკული კითხვების დასმის შესაძლებლობა ეძლევათ. თუმცა ჟურნალისტებს ასევე მიმართა თხოვნით, რომ არ ჩაეშალათ სხდომა “დესტრუქციით” და “ქმედებებით”, რაც კუჭავას თქმით, ჟურნალისტურ საქმიანობის ფარგლებს სცდება.

კუჭავას მიმართვის შემდეგ სხდომა გაგრძელდა.

ჟურნალისტებმა ბანერი, წარწერით “დასაჯეთ მოძალადეები”, 18 ივლისს პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის დღესაც გამოფინეს, თუმცა პარლამენტში შექმნილი არეულობის გამო მოსმენა ჩაიშალა. ამ დღეს ოპოზიციური დეპუტატები და მედიის წარმომადგენლები „ტვ პირველის“ დაღუპული ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებითა და პლაკატებით მივიდნენ და კიდევ ერთხელ მოითხოვეს პრემიერ- მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და შს მინისტრის გადადგომა.

ამ მოთხოვნებს დაძაბულობა და არეულობა მოჰყვა, საბოლოოდ კი მინისტრი პარლამენტიდან წავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი