ახალი ამბები

კულტურული მემკვიდრეობის 116 წლის ძეგლი, სადაც წლებია სასულიერო სემინარია (ვერ) შენდება

28 მაისი, 2021 • 3693
კულტურული მემკვიდრეობის 116 წლის ძეგლი, სადაც წლებია სასულიერო სემინარია (ვერ) შენდება

ვაკეში, ავალიშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაში, დიდი, სარეაბილიტაციო შენობა დგას – საზოგადოებისთვის უფრო ცნობილი, როგორც ყოფილი მეცხრე საავადმყოფო. მე-19 საუკუნის ბოლოს- მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

სჯარო რეესტრის თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას  შენობა 2008 წლიდან დაუკანონდა. სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები კი თითქმის 10 წელია, რაც მიმდინარეობს. თუმცა ამ დრომდე შენობის კარკასი გამოფიტულია, რეაბილიტაცია კი ახლოსაც არ მისულა დასრულებამდე.

ისტორიკოსების ნაწილი ამბობს, რომ გაჭიანურებული რეაბილიტაციით ქალაქის ცარისტული არქიტექტურის ეს მნიშვნელოვანი ძეგლი უბრალოდ ნადგურდება, ეკლესიაში კი აცხადებენ, რომ მიუხედავად გამოყოფილი მილიონებისა, ამ მასშტაბის შენობას დამატებითი სახსრები სჭირდება.

რა ხდება ტერიტორიაზე ახლა?

შენობა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირიდან მარტივად ჩანს, ამ მდგომარეობაში უკვე არაერთი წელია არის. ნაგებობა ისტორიული მნიშვნელობისაა და 1905 წელს სასულიერო სემინარიის მოსაწყობად აშენდა. 1921 წლის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ  მიითვისა. მოგვიანებით აქ მეცხრე საავადმყოფო მოეწყო.

შენობა, სადაც საპატრიარქო სასულიერო სემინარიას აშენებს. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

სამშენებლო მასალები დევს შენობის შესასვლელთან. ადგილობრივები ამბობენ, რომ კულტურული მნიშვნელობის ეს შენობა გასანადგურებლად ენანებათ. არადა, უკვე წლებია, თითქმის არაფერი იცვლება.

შენობა, სადაც საპატრიარქო სასულიერო სემინარიას აშენებს. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“ჩნდება კითხვები დახარჯულ თანხებზე”

ისტორიული შენობის მნიშვნელობასა და შესაძლო საფრთხეზე ნეტგაზეთი ისტორიის დოქტორს, მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზ ილია ჭიღლაძეს ესაუბრა. ის ამბობს, რომ წლობით გაჭიანურებული რემონტი და ნალექი შენობას საბოლოოდ გაანადგურებს. მისი თქმით, ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობისგან მხოლოდ კარკასია დარჩენილი. პარალელურად კი ჩნდება კითხვებიც, თუ როგორ დაიხარჯა მილიონები.

„ეს ისტორიულად და არქიტექტურულად მეტად მნიშვნელოვანი ნაგებობაა. ის აშენდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, როგორც მაშინდელი ტფილისის რუსული სასულიერო სემინარიის ახალი შენობა. მანამდე თბილისის სემინარია მდებარეობდა დღევანდელი თავისუფლების მოედნის სიახლოვეს, სადაც დღეს არის განთავსებული შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმი.

1905 წელს ქალაქგარეთ, ვაკეში (ამ პერიოდისთვის თბილისისთვის ეს იყო ქალაქგარე ტერიტორია ბაღებით) ამ ტერიტორიაზე აგებულ იქნა ეს ახალი შენობა. ეს იყო ძალიან დიდი კომპლექსი, თავისი დამხმარე ნაგებობებით და წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის ეკლესიით“, – გვიყვება დეკანოზი ჭიღლაძე.

1905 წელს აშენებული სემინარია, მეცხრე საავადმყოფოდ გადაკეთებამდე.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ამბობს, რომ როდესაც რუსეთის იმპერია 1918 წლისთვის დაიშალა, ეკლესიას სახელმწიფო დოტაცია შეუწყდა. შესაბამისად, როგორც თბილისისა და ქუთაისის, ასევე სხვა სასულიერო სასწავლებლები ქვეყნის მასშტაბით დაიხურა.

“შენობა უნდა გაყიდულიყო, მაგრამ ეს ვერ მოესწრო. 1921 წელს, როდესაც მოულოდნელად მოხდა საქართველოს ანექსია და გასაბჭოება, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ეს შენობა წაართვა საქართველოს საპატრიარქოს და იქ დააფუძნა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი.  1940-იანი წლებიდან ინსტიტუტი სხვაგან გადავიდა და ამ შენობაში განთავსდა თბილისის მეცხრე საავადმყოფო. დაახლოებით 2009 წლამდე ეს საავადმყოფო ფუნქციონირებდა ამ შენობაში“, – გვიყვება დეკანოზი.

1905 წელს აშენებული სემინარია, მეცხრე საავადმყოფოდ გადაკეთებამდე.

„დაახლოებით 2009 წელს იმდროინდელმა ხელისუფლებამ საპატრიარქოს მოთხოვნით ეს შენობა დაუბრუნა საქართველოს ეკლესიას – თავდაპირველი ფუნქციის დასაბრუნებლად, ანუ სასულიერო სემინარიისა და აკადემიის [მოსაწყობად].

1988 წლიდან მოყოლებული სემინარია მდებარეობს თბილისის სიონის წინ, ყოფილი ქარვასლის შენობაში. ეს შენობა აბსოლუტურად შეუსაბამოა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისთვის, არ აქვს საკონფერენციო დარბაზი, აუდიტორიები და არის ძალიან პატარა დაჩეხილი ოთახები, როგორც ეს სასტუმროს ან ქარვასლას სჭირდებოდა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის სასულიერო სემინარია – აკადემიისთვის გამართული, მოწესრიგებული შენობა. და ეს ისტორიული შენობა, რომელიც ზუსტად სასწავლო სემინარიის ფუნქციით იყო აგებული, რა თქმა უნდა, ამას ძალიან მიესადაგებოდა“, – ამბობს დეკანოზი ჭიღლაძე.

2009 წლიდან ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც შენობა საპატრიარქოს დაუბრუნდა, დეკანოზ ილია ჭიღლაძის ინფორმაციით, ხელისუფლებამ ჯერ 3, შემდეგ კი 1 მილიონი ლარი გამოყო შენობის რეაბილიტაციისთვის. მაგრამ თითქმის 12 წლის წინ დაწყებული რეაბილიტაცია მალევე შეჩერდა.

„დღეს შენობა არის აბსოლუტურად გამოშიგნული, ცარიელი კარკასი. სახურავის, კარ-ფანჯრების, „ჟოლობების“ გარეშე – წვიმის და ნალექის სადინარების გარეშე. რაც იწვევს იმას, რომ შენობა ნადგურდება თოვლის, წვიმის, ნალექების ზემოქმედების შედეგად. შენობა თითქმის 116 წლისაა და ამავე დროს, ძალიან მასშტაბური ნაგებობაა. ამდენად, ძველი თბილისის ურბანული ქსოვილის და ცარისტული პერიოდის არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული საქალაქო ნიმუშია, რომელიც ნამდვილად ხელიხელ საგოგმანებელია „ვითარცა მარგალიტი ობოლი“.

დახარჯულ მილიონებზე საუბრისას დეკანოზი ამბობს, რომ შესაძლოა ეს თანხები იმ ეკლესიის მშენებლობაში დაიხარჯა, რომელიც ისტორიული ნაგებობის ეზოში შენდება.

ახალი ეკლესია ძველი სემინარიის შენობის ეზოში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„ისტორიულად კი ეკლესია მდებარეობდა თვითონ შენობაში, რომელიც შემდგომ იყო სააქტო დარბაზი. 2000-იან წლებში ამ შენობაში დაბრუნებული იყო ეკლესია. ჯერ კიდევ საავადმყოფო მოქმედებდა, როდესაც საავადმყოფოს მედპერსონალმა გაუქმებული ეკლესიის დარბაზში შეუშვა მღვდელი კონსტანტინე კოღუაშვილი, რომელიც მერე ბერად აღიკვეცა და დაერქვა მამა დავითი და ის წირავდა იქ. შემდგომ მამა შალვა კეკელიამ იქ დაიწყო წირვები. ეს ხდებოდა დაახლოებით 2009-20010 წლამდე, ვიდრე მოხდებოდა შენობის მოსამზადებელი სარემონტო სამუშაოების დაწყება და გამოშიგვნა. შემდგომ, რეაბილიტაციის პროცესის პარალელურად, მამა შალვა კეკელიამ დაიწყო ეზოში დიდი ტაძრის… და იქ დამატებით არის მეორე პატარა ტაძარი, სანათლავი – მათი აგება და მშენებლობა. რა თქმა უნდა, გაჩნდა ეჭვი, რომ ეს 4 მილიონი შეიძლება გაიფლანგა და მოხმარდა ახალი ტაძრის მშენებლობას ეზოში, არ ვიცი.. შეიძლება საერთოდ სხვა მიმართულებით დაიხარჯა“, – ამბობს ილია ჭიღლაძე.

ძველი სემინარიის შენობის ფრაგმენტი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“4 მილიონი საკმაოდ დიდი თანხაა იმისთვის, რომ თუ რეაბილიტაცია არ დასრულდებოდა, უფრო მეტი გაკეთებულიყო – და ასეთი შიშველი კარკასი არ უნდა ყოფილიყო“, – ამბობს დეკანოზი ილია ჭიღლაძე და იხსენებს 3 წლის წინანდელ ვიზიტსაც, რა დროსაც მან ძველი სემინარიის შენობა დაათვალიერა. დეკანოზი აცხადებს, რომ გაულესავ და უფანჯრო-უკარებო შენობაში სართულშუა ხის კოჭები ჩაანაცვლეს ბეტონის საფარით.

“მშენებლობის დასასრულებლად საჭიროა დაახლოებით 16 მლნ

სასულიერო სემინარიის მშენებლობასთან დაკავშირებით ნეტგაზეთს ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია ესაუბრა. ეს ეკლესია სემინარიის ძველ შენობას ჭავჭავაძის გამზირის მხრიდან ესაზღვრება.

დეკანოზი გვიყვება, რომ ამ ნაგებობაზე გასამაგრებელი სამუშაოებისთვის დაახლოებით 3 მილიონი უკვე დაიხარჯა. თუმცა მის რემონტს და სამომავლოდ სემინარიის მოწყობას გაცილებით მეტი დასჭირდება.

„ამ შენობის გარემონტებას ძალიან დიდი თანხები სჭირდება, ძალიან დიდი კვადრატულობა აქვს, მოგეხსენებათ. ზუსტად არ ვიცი, რამდენი დაიხარჯა, თუმცა, მიახლოებით 3 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ თანხით მთელ ამ შენობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია – შენობა გაიწმინდა თავიდან ბოლომდე და გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა. 16 მილიონ ლარამდეა საუბარი იმისთვის, რომ ეს რეაბილიტაცია დასრულდეს. ძალიან დიდი შენობაა“, – გვიყვება დეკანოზი.

დღეს ტერიტორიაზე მშენებლობა მიმდინარეობს, ადგილი ღობითაა შემოფარგლული. აქვე შენდება პატარა ტაძარიც, რომელსაც დეკანოზი შალვა კეკელიას თქმით, მრევლი აშენებს.

„განათლების სამინისტროს მივმართეთ, მერიასაც მივმართეთ. წინა ხელისუფლებაც შეგვპირდა თანხის გამოყოფას. დახმარების დაპირებები ყოველთვის იყო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ დაძრულა ამ ეტაპამდე. ფინანსური დახმარება … ამის გარეშე როგორ უნდა გააკეთო, თუ თანხა არ იქნება“.

ნეტგაზეთთან საუბარში დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, რომ რეაბილიტაციის შემდეგ სასულიერო სემინარია სრულად უნდა აღდგეს. დღეს კი ქარვასლის შენობაში არსებული სემინარია-აკადემია ვეღარ იტევს სტუდენტებს, ძალიან პატარაა და ამასთანავე, არ არის ინფრასტრუქრულად შესაბამისი.

ნეტგაზეთი ამ თემაზე დაუკავშირდა როგორც განათლების სამინისტროს, ასევე, თბილისის მერიას. უწყებისგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

„შენობა სავალალო მდგომარეობაშია“, – ამბობს ნეტგაზეთთან ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მარინე მიზანდარი. ის გვიყვება, რომ შენობას, რომელიც ფაქტობრივად გამოფიტულია, გადახურვის თუნუქი დაზიანებული აქვს, შესაბამისად, ის სასწრაფოდ ითხოვს შველას.

„ეს არის ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რამდენად უყურადღებოდ გვაქვს მიტოვებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ამ შენობის განხილვა მთლიანი კონტექსტიდან მოწყვეტით არც კი შეიძლება, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი იყო გარშემო არსებული ეზო, ფიჭვები, ნარგავები – ეს, ფაქტობრივად, იყო მწვანე პატარა კუნძული. თავდაპირველად, იცით ალბათ, ეს ნაგებობა აშენდა როგორც სემინარია, მე-20 საუკუნის დასაწყისში.

აშენდა სრულიად უდაბურ ადგილას. ქალაქის ცენტრიდან, დღევანდელი ხელოვნების მუზეუმის შენობიდან სასულიერო სემინარია გადაიტანეს მოწყვეტილ ადგილას, ქალაქის გარეუბანში, სრულიად დაუსახლებელ ტერიტორიაზე. ამ ნაგებობის გარშემო ძალიან მნიშვნელოვანი განაშენიანება იყო, ბაღები, ხეები იყო.. არის კიდეც ნაწილობრივ შემორჩენილი, მაგრამ უფრო და უფრო მოექცა ახალი, უსახური, ბეტონის ნაგებობების რკალში და ქრება. ძალიან გულსატკენია ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ ჩვენ არ გვაქვს სწორი და მომავალზე გათვლილი პოლიტიკა კულტურული მემკვიდრეობის კუთხით“, – განმარტავს მიზანდარი.

ჩვენს კითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობაა შენობის დღევანდელი მდგომარეობა, მიზანდარი პასუხობს, რომ პასუხისმგებლობა კოლექტიურად ნაწილდება.

„მერიის პასუხისმგებლობას ვხედავ, ასევე მესაკუთრისა. ორივე უწყების დასაცავია. უფრო ფართო მნიშვნელობით თუ შევხედავთ, ყველა იმ უწყების საზრუნავი უნდა იყოს, ვინც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით მუშაობს და რომელსაც ამ დარგის მართვა აქვს ჩაბარებული – სამინისტრო იქნება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო თუ ა.შ. საერთო საქმეა, ასევე ყველა ჩვენგანის საქმე უნდა იყოს“, – ამბობს ის.

მარინე მიზანდარი. ფოტო: ნეტგაზეთის არქივიდან

„შენობის გასხვისებისას ხელშეკრულება ფორმდება ხოლმე, მით უმეტეს, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ძეგლთან გვაქვს საქმე, ვთქვათ, ნაგებობებთან. ამ შემთხვევაში მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება ფორმდება და ამ ვალდებულებას იღებს ახალი მესაკუთრე. იმთავითვე გასხვისებაში იმდენად პრობლემას ვერ ვხედავ, რამდენადაც შემდგომ ამ ხელშეკრულების პირობების მონიტროინგში, გადამოწმებასა და იმ კანონიერი ბერკეტების ამოქმედებაში, რომლებიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას.

უფრო ეს არის პრობლემური – ჩვენ შემდგომ აღარ ვახორციელებთ ჯეროვან მონიტორინგს, შემოწმებას ძეგლის მდგომარეობისა და მისი განვითარების სურათი არ გვაქვს. კანონიერ მექანიზმებს არ ვიყენებთ,  სახელმწიფო არ იყენებს სათანადოდ, რომ დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი“, – ამბობს მიზანდარი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჯერჯერობით ნეტგაზეთისთვის არ უპასუხია.

მასალების გადაბეჭდვის წესი