პოლიტიკური პარტიის, „საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერი, კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია აქტიურად მუშაობს თბილისის მერობის კანდიდატის შერჩევაზე.
21 ივლისს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში კითხვაზე, გამოირიცხება თუ არა თვითონ გახარიას კანდიდატურის დაყენება თბილისის მერის პოსტზე, ქემოკლიძემ უპასუხა:
„ქართულ პოლიტიკაში ზოგადად გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება. შესაბამისად, თეორიის დონეზე თუ ვისაუბრებთ, გამოირიცხება თუ არა გახარიას კანდიდატურა თბილისის მერობის პოსტზე, პასუხი არის არა. მაგრამ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თეორიის დონეზე გაკეთებული დაშვება“.
რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატურას, ქემოკლიძის თანახმად, გიორგი გახარია, ისევე, როგორც გუნდის წევრები, „აქტიურად მუშაობს კანდიდატის შერჩევაზე“:
„მიმდინარეობს სიღრმისეული ანალიზი პოლიტიკური ველის კვლევის, მათ შორის ფიგურალურ დონეზე, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, შევარჩიოთ ძლიერი, ანგარიშგასაწევი ადამიანი, რომლეიც კონკურენციაში შევა ყველაზე ძლიერ ოპონენტებთან“, – განაცხადა მან.
კითხვაზე, რა სფეროდან განიხილავენ კანდიდატს – პოლიტიკოსს, სპორტსმენს, მსახიობს და ა.შ.- ქემოკლიძემ უპასუხა, რომ „მაგიდაზე არის სრულად ღია ველი ძლიერი კანდიდატის შერჩევის“.
29 მაისს გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვაზე, იყრის თუ არა მერობაზე კენჭს, განაცხადა: „ჩემზე ბევრად უკეთესი კანდიდატი არსებობს“.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ 20 ივლისს ოფიციალურად დაასახელა მოქმედი მერი, კახი კალაძე. ოპოზიციურ პარტიებს კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ.
