“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილის მიერ თინა ბოკუჩავას მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება “აბსოლუტურად რელევანტური და ადეკვატური იყო”.
კობახიძე პაპუაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.
“ძალიან კარგი იყო, რომ შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა შეაჩერა მორიგი მცდელობის დროს, დაეკავებინა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა. ეს არის მიუღებელი და ასეთი წესების პატივისცემა ევალება ნებისმიერ დეპუტატს, ნებისმიერ პოლიტიკოსს. ძალიან კარგია, რომ აღიკვეთა მორიგი მიჭრა საქართველის პარლამენტის თავმჯდომარესთან. რაღაც წესებს თუ არ ვეცით პატივი, სახელმწიფოებრიობისგან არაფერი არ დარჩება. ეს არის ძალიან მარტივი. აქედან გამომდინარე, შალვა პაპუაშვილის მხრიდან პასუხი იყო აბსოლუტურად რელევანტური და აბსოლუტურად ადეკვატური და მინდა, მას კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოვუცხადო”, – განაცხადა კობახიძემ “რუსთავი 2-თან”.
18 ივლისს პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ვახტან გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა მოსმენა ჩაიშალა. ამ დღეს ოპოზიციური დეპუტატები და მედიის წარმომადგენლები „ტვ პირველის“ დაღუპული ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებითა და პლაკატებით მივიდნენ და კიდევ ერთხელ მოითხოვეს პრემიერ- მინისტრის, ირაკლი ღარიბაშივლისა და შს მინისტრის გადადგომა.
ამ მოთხოვნებს დაძაბულობა და არეულობა მოჰყვა, საბოლოოდ კი მინისტრი პარლამენტიდან წავიდა.
სწორედ ამ არეულობის დროს დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის იმ ტრიბუნასთან მიახლოება სცადა, საიდანაც შს მინისტრი ვახტან გომელაური სიტყვით უნდა გამოსულიყო. მმართველი გუნდის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ბოკუჩავას ხელი მოხვია, ზემოთ ასწია და რამდენიმე მეტრის მოშორებით, მისივე ნების საწინააღმდეგოდ გადააადგილა.
დეპუტატი მანდატურის ფუნქციით — როგორ იძალადეს ქალებზე პარლამენტში