“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის რიტორიკა და ლექსიკა, ბათუმში გაკეთებული განცხადებების დროს, არ იყო ადეკვატური და არ ასახავდა იმ დრამატულ ვითარებას, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი:
“პრეზიდენტ მიშელის დღევანდელ გამოსვლებში ყველა ის საკვანძო საკითხები: ის, რომ უმცირესობების საკითხი არ შეიძლება იყოს ჩათვლილი მეორეხარისხოვნად; ის. რომ სიტყვის და მედიის თავისუფლება საკვანძოა; ის, რომ შეჩერდება დახმარება საქართველოსთვის პირველად ამ წლების განმავლობაში იმის გამო, რაც ხდება ქვეყნის შიგნით როგორც სასამართლოს, ასევე სხვა მოვლენების გამო, ყველაფერი ეს ითქვა. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, პრეზიდენტ მიშელის რიტორიკა და ლექსიკა არ იყო ადეკვატური, იყო ზედიპლომატიური… არ ასახავდა იმ დრამატულ ვითარებას, რამდენად ზღვარზეა ქვეყანა”, – ამბობს გიგა ბოკერია ტვ პირველის ეთერში.
პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ბევრად უფრო მკაცრი და მკაფიო იყო ევროკავშირის ელჩების განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით:
“ბევრად უფრო მკაცრი და მკაფიო იყო ევროკავშირის ელჩების განცხადება. არ უნდა გაგვიკვირდეს, პრეზიდენტ მიშელი ჩამოვიდა ამ კონფერენციაზე, სადაც მოლდოვა და უკრაინა იყო ზოგადი გეოპოლიტიკური მხარდაჭერის კონტექსტში. მე ვვარაუდობ, ის გაწბილებული იქნება. ეგონა, წარმატება იყო მიღწეული და გარღვევა და ეს სერიოზული შეცდომა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მან ყველა საკითხზე ზოგადი პოზიცია სწორად ჩამოაყალიბა”, – ამბობს გიგა ბოკერია.
შარლ მიშელი რეგიონული ტურის ფარგლებში საქართველოში 18 ივლისს ჩამოვიდა ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად– “ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია” . ბათუმში ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს.