ახალი ამბები

ძალადობის აქტები სწრაფად და საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული – ევროკავშირი

6 ივლისი, 2021 • 945
ძალადობის აქტები სწრაფად და საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული – ევროკავშირი

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადებით, ისეთი ქვეყნის მთავრობისთვის, რომელიც ევროკავშირთან უფრო ახლო კავშირებისთვის იღვწის, გამოხატვის და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლების პატივისცემა და დაცვა უმნიშვნელოვანესია.

მისი თქმით, მიუღებელია საქართველოში სამოქალაქო აქტივისტებზე, უმცირესობათა წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმა.

“ადამიანის მიერ გამოხატვის და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლების პატივისცემა და დაცვა ნებისმიერი მთავრობის ამოცანაა დემოკრატიულ ქვეყანაში, განსაკუთრებით ისეთში, რომელიც ევროკავშირთან უფრო ახლო კავშირებისთვის იღვწის. სამართალდამცავი ორგანოები პასუხისმგებელნი არიან ამ უფლებებისთვის უსაფრთხო და დაცული გარემოს უზრუნველყოფაზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისთვის. ძალადობის აქტები სწრაფად და საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული.

დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა გადის თანასწორობის პრინციპის დაცვაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით არის განმტკიცებული. საქართველომ უნდა გააძლიეროს ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, გენდერული და სექსუალური ორიენტაციის ჩათვლით, და უკეთ დაიცვას LGBTIQ ჯგუფების უფლებები. ეს პრინციპები ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტში”, – განაცხადა პიტერ სტანომ.

დღეს, 6 ივლისს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაიმართა დიალოგი ადამიანის უფლებების საკითხებზე, სადაც მიმდინარე მოვლენები და LGBTIQ ჯგუფების უფლებების საკითხები იქნა განხილული.


5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქცია

გუშინ, 5 ივლისს, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, საპატრიარქოს ორგანიზებით ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით, ამ ეტაპზე, 3 პირია დაკავებული. შსს ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი