მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თავისი ქვეყნის უახლოეს წარსულზე და იმ გამოცდილებაზე ისაუბრა, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციას აფერხებდა.
მისი თქმით, მოლდოვაში არსებულმა სხვადასხვა კრიზისმა ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებული ქვეყნიდან ევროკავშირისთვის არასანდო პარტნიორად აქცია.
“მინდა დავუბრუნდე აღმოსავლეთ პარტნიორობის დასაწყისს და შეგახსენოთ, რომ იმ დროს ჩემი ქვეყანა, მოლდოვა მიიჩნეოდა წარმატებულ ქვეყნად აღმოსავლეთ პარტნიორობაში. დიდი იმედები არსებობდა ქვეყანაშიც და ევროკავშირის ინსტიტუტებშიც, რომ ასოცირების შეთანხმების საფუძველზე ქვეყანა განვითარდებოდა, დემოკრატიული სისტემები ჩამოყალიბდებოდა მთელ ქვეყანაში, მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. თუმცა მალევე იმ საპნის ბუშტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის საბანკო სისტემებში შეიქმნა, მოჰყვა სხვა კრიზისები.
სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა, ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ, ქვეყანა ჩაითრია და ჩემი ქვეყნის მოქალაქეები და ბრიუსელი უკვე აცნობიერებდნენ, რომ აღარ ვიყავით წარმატებული ქვეყანა. რეფორმები ქაღალდზე დარჩა, დისკუსია დემოკრატიისა და ანტიკორუფციული ძალისხმევის შესახებ მხოლოდ ლამაზი ანგარიშების სახით იგზავნებოდა ბრიუსელში. მოლდოვას აკლდა ის საკითხები, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია. ქვეყანა ჩაეფლო იმ მორევში, რომელიც აღარ გვაძლევდა ევროკავშირთან ასოცირების შესაძლებლობის გამოყენების უფლებას.
დასჯის ან სანქციების გარეშე, მოლდოვამ დაკარგა რეპუტაცია. ჩვენ აღარ ვიყავით სანდო პარტნიორი, ჩვენ აღარ მიგვიჩნევდნენ იმ ქვეყნად, რომელიც ნაკისრი ვალდებულებების შემსრულებელი იყო.
ცვლილებები მოხდა ბოლო წლის განმავლობაში, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად. ხალხმა აირჩია ნამდვილი დემოკრატია, კარგი მმართველობა და ძლიერი მხარდაჭერა გამოგვიცხადა ამ არჩევნების საფუძველზე. ამას უკვე ხელს უწყობს ევროკავშირი”, – განაცხადა მაია სანდუმ.
მისი თქმით, ახლა ახალმა მთავრობამ მოსახლეობას უნდა აღუდგინოს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა და დაარწმუნოს, რომ მომავალი შეიძლება იყოს სახლშიც და ევროკავშირშიც.
“ახლა, რადგან დღის წესრიგში გვაქვს ევროკავშირის მხარდაჭერა, ახალი მთავრობა, ახალი უმრავლესობა პარლამენტში, ვალდებულია, სწრაფად განახორციელოს დანაპირები. ჩვენ ვიმყოფებით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. მოსახლეობის ნდობა უნდა აღვადგინოთ ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებში. ჩვენს ხალხი კვლავ უნდა დავარწმუნოთ, რომ სახელმწიფო არსებობს და მუშაობს მათთვის, მოვახდინოთ ძლიერი ინსტიტუტების კონსოლიდაცია და დავიწყოთ იქიდან, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ხალხს – სამართლის უზენაესობა, ანტიკორუფციული ძალისხმევა.
ჩვენ უნდა გავწმინდოთ სისტემა კორუმპირებული მოსამართლეებისგან, კორუმპირებული საჯარო მოხელეებისგან, სამომავლოდ ეს არის ჩვენი ძალისხმევა. აქამდე მუშაობდა სქემები კერძო ფინანსური ინტერესების გათვალისწინებით, ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს. ნაკლები ვისაუბროთ, მეტი ვაკეთოთ. ფუნქციონალური მთავრობა უნდა არსებობდეს ჩემს ქვეყანაში იმისათვის, რომ მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიოთ. დავარწმუნოთ მოლდოველები, რომ მომავალი შეიძლება იყოს სახლშიც და ევროკავშირშიც“, – განაცხადა მაია სანდუმ.
დღეს, 19 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც 3 ქვეყნის პრეზიდენტი ესწრება – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი და მოლდოვას პრეზიდენტი მარია სანდუ.
საერთაშორისო კონფერენციას ასევე ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
კონფერენციის მთავარი თემა ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობაა.
მეორე პანელზე წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები იმსჯელებენ ტრადიციული ტრანსატლანტიკური დიალოგის განახლებასა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლო სცენარებზე.
კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობს.