ახალი ამბები

EaP-ს სამიტზე უნდა დავინახოთ, რომ EU- ს მხრიდან მომავლის ხედვა არსებობს – ზელენსკი

19 ივლისი, 2021 • 564
EaP-ს სამიტზე უნდა დავინახოთ, რომ EU- ს მხრიდან მომავლის ხედვა არსებობს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მიმდინარე წლის დეკებერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ევროკავშირის მხრიდან უნდა გამოიკვეთოს კონკრეტული “გეოპოლიტიკური ხედვა”. მისი განცხადებით,3 აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აუცლებელია ძალისხმევის გაძლიერება, რადგან სხვა მხრივ ამ ფორმატის რეალურ მომავალს ვერ ხედავს. ამის შესახებ ზელენსკიმ ისაუბრა ბათუმის რიგით მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე – “ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია”.

“დეკემბერში კიდევ ერთი პარტნიორობის სამიტი გაიმართება. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა იმდენად, რამდენადაც აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ეს ფორმატი იქნება გარდაუვალი მნიშვნელობის მქონე. სამიტზე უნდა ვთქვათ, რომ ხალხს ვკარგავთ, გვჭირდება პოლიტიკური კონტექსტი, მომავლისს გეოპოლიტიკური ხედვა.

ამ ინიციატივის ფარგლებში აუცილებელია ძალისხმევის გაძლიერება. სხვა მხრივ ვერ ვხედავ ამ ძალისხმევის რეალურ მომავალს. ჩვენ ამ სამიტზე უნდა დავინახოთ, რომ არსებობს ხედვა ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივას და ამ კუთხით განვახორციელებთ ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს. მე მიხარია, რომ გზას ვუკვალავთ ინტეგრაციის მიმართულებას ერთად და ჩვენ გვექნება ჩვენი მიზნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა, ვიპოვით ჩვენს ადგილს ევროკავშირის სისტემაში სამივე ქვეყანა: უკრაინა, საქართველო და მოლდოვა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

გამოსვლისას მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს იმყოფებოდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან და თქვა, რომ უკრაინისთვის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ნაცნობია. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ იმყოფებოდა აბასთუმანში, თუმცა ამის შესახებ ვრცლად არ უსაუბრია,

“ჩემი ვიზიტის ფარგლებში აბასთუმანში და საოკუპაციო ხაზთან, აფხაზეთთან ვიმყოფებოდი, რათა მენახა უსაფრთხოების საკითხები, ადამიანთა უფლებების დარღვევები, საკუთარი ყურით მომესმინა…”, – განაცხადა ზელენსკიმ.

დღეს ბათუმის რიგით მე-17 საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს რომელსაც უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები ესწრებიან. კონფერენციის მთავარი თემა ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი