ახალი ამბები

ქართველი ჩოგბურთელი საერთაშორისო სპორტულ არბიტრაჟს მიმართავს

19 ივლისი, 2021 • 1394
ქართველი ჩოგბურთელი საერთაშორისო სპორტულ არბიტრაჟს მიმართავს

ქართველი ჩოგბურთელი, ოქსანა კალაშნიკოვა, რომელის თქმითაც, ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა შეეძლო, თუმცა საქართველომ მასზე განაცხადი არ გააგზავნა, საერთაშორისო სპორტულ არბიტრაჟში საჩივრის შეტანას გეგმავს.

ჩოგბურთელის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ საქართველოში მის შემთხვევასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არავინ იღებს:

“გადავწყვიტე ვცადო და საჩივარი შევიტანო სპორტულ არბიტრაჟში, რადგან საკუთარ ქვეყანაში სამართალს ვერ ვპოულობ. არ ვიცი, ამას რა შედეგი მოჰყვება, რადგანაც ამ დრომდე არავის სურს პასუხისმგებლობის აღება არაპროფესიონალიზმსა და უპასუხისმგებლო შეცდომაზე”, – წერს სპორტსმენი სოციალურ ქსელში.

რამდენიმე დღის წინ ოქსანა კალაშნიკოვამ განაცხადა, რომ ტოკიოში ვერ მიემგზავრებოდა, რადგანაც საქართველომ განაცხადში არ შეიყვანა:

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია აცხადებს, რომ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მიიღო ლიცენზია ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ერთეულთა თანრიგში.

თუმცა, მიუხედავად მიღებული ერთი ლიცენზიისა, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის თქმით, საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს დათქმულ ვადაში მიაწოდეს ოლიმპიური ლიცენზიანტების გაფართოებული სია, რის შემდეგაც საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა, ნიკოლოზ ბასილაშვილის განაცხადთან ერთად, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს წარუდგინა პოტენციური ოლიმპიელების კანდიდატურები:

“საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით , რომლებიც მრავალი წელია აღნიშნულ საქმეს ემსახურებიან და კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია იმედს იტოვებს , რომ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა პირნათლად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ყველა წესის დაცვით წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი უმოკლეს დროში დაადგენს და ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობებს, რა მიზეზით ვერ მიიღეს ქართველმა ჩოგბურთელებმა წყვილთა თანრიგში ოლიმპიური ლიცენზიები და რა კრიტერიუმებით მოხვდნენ ტოკიოს ოლიმპიადაზე რეიტინგით ქართველებზე უკან მდგომი ნაკრები გუნდები”, – ამბობენ ჩოგბურთის ფედერაციაში.

ოლიმპიურმა კომიტეტმა კი, თავის მხრივ, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ფედერაციას ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისთვის უნდა მიემართა:

“იმის ნაცვლად, რომ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისთვის მიემართა და შესაბამისი განმარტება მოეთხოვა, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია თითს სეოკ-ისკენ იშვერს – ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ და ოლიმპიურმა კომიტეტმა „უმოკლეს ვადაში“ უნდა დაადგინოს, ამ გაუგებრობაში რატომ აღმოვჩნდითო.

ფედერაციას საქმის გაკეთებად ის მიაჩნია, რომ სეოკ-ს გამოუგზავნა პოტენციური ოლიმპიური ლიცენზიანტების გაფართოებული სია, რომელიც სეოკ-მა, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ მიაწოდა ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს დადგენილი ფორმით და წესით. ეს გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ მარტში მოხდა, ვიდრე ეს ფედერაციის განცხადებაშია მითითებული”, – ნათქვამია ოლიმპიური კომიტეტის განცხადებში.

კომიტეტში აღნიშნავენ, რომ, 16 ივნისს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ თავის წევრ ორგანიზაციას – საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას-  მისი პრეზიდენტის, ხვიჩა მაქაცარიას სახელზე გამოგზავნილი წერილით აცნობა (წერილის ასლი სეოკ-მაც მიიღო), რომ ქართველთაგან, მიმდინარე რეიტინგის თანახმად, ოლიმპიური ლიცენზია მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილს ერგო. იქვე განმარტებულია წყვილთა თანრიგში ლიცენზიების განაწილების კრიტერიუმები.

“უტყუარი ფაქტია, რომ ქართული წყვილი იმ მომენტისთვის საერთაშორისო ფედერაციის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა და ამიტომაც არ შეიყვანა ლიცენზიანტთა სიაში. სეოკ-ს არავითარი უფლებამოსილება არ ჰქონდა, მიემართა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისთვის და მოეთხოვა ჩვენი წყვილისთვის ლიცენზიის მინიჭება.

რა მოხდა 16 ივნისის შემდეგ, რომელი წესისა და დებულების საფუძველზე განაწილდა ლიცენზიები წყვილთა თანრიგში, ეს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეროგატივაა და თუ რაიმე არასწორად გაკეთდა, პასუხი უპირველესად საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ უნდა მოითხოვოს” ,- აცხადებენ ოლიმპიურ კომიტეტში.

ოლიმპიური კომიტეტის თქმით, მათ ინტერესს წარმოადგენს, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი სპორტსმენი წარდგეს ოლიმპიურ თამაშებზე და მოუწოდებს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას, გადადგას ადეკვატური ნაბიჯები და, თუ ამის შანსი და საფუძველი ჯერ კიდევ არსებობს, ზემდგომი ორგანიზაციისგან მოითხოვოს ლიცენზიის გადმოცემა:

“ეს არის საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პირდაპირი მოვალეობა. ოლიმპიურ ლიცენზიების ანაწილებს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია და ამასთან არანაირი პირდაპირი კავშირი არა აქვს არც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და არც თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს, მით უმეტეს – არც სეოკ-ს. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტი მხოლოდ კვოტებს აწესებს სპორტის ოლიმპიური სახეობებისთვის, დანარჩენი კი შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის მიერ დადგენილი წესებით რეგულირდება” ,- აცხადებენ ოლიმპიურ კომიტეტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი