ახალი ამბები

მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და შარლ მიშელს მიმართეს

19 ივლისი, 2021 • 646
მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და შარლ მიშელს მიმართეს

მედიის წარმომადგენლებმა შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის პარალელურად აქცია გამართეს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან. აქციაზე მათ წაიკითხეს წერილი, რომლის ადრესატიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელია და რომელშიც ჟურნალისტები აკრიტიკებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.

წერილში ნათქვამია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში გამოირჩევა სიძულვილის ენით, აღვივებს ზიზღს და “ქადაგებს შეუწყნარებლობას”. ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ ღარიბაშვილი არის პასუხისმგებელი 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობაში.

“დღეს თქვენ “ქართული ოცნების” დემოკრატიულ მიღწევებზე გესაუბრებათ ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც წლებია მფარველობს და ასაზრდოებს მოძალადე ჯგუფებს და იყენებს მათ განსხვავებული პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანების წინააღმდეგ. ისე, როგორც ეს 5 ივლისს მოხდა, როდესაც მის მიერ წახალისებულმა და მხოლოდ მის მიერ წახალისებულმა და ამ ხელისუფლების მიერ წახალისებლმა ძალადობამ აქამდე არნახულ მასშტაბებს მიაღწია და ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ ნამდვილ სადამსჯელო ღონისძიებად იქცა.

დღეს თქვენ დემოკრატიაზე გესაუბრებათ ის, ვინც უმცირესობაზე ძალადობას უმრავლესობის ნების აღსრულებით ამართლებს. და რაც მთავარია, თქვენ დღეს დემოკრატიაზე გესაუბრებათ კაცი, რომელიც ანგარიშვალდებულია არა ამ ქვეყნის მოსახლეობის, არამედ ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის წინაშე”, – ნათქვამია წერილში.

ამასთან, მედიის წარმომადგენლები მიმართვაში აცხადებენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” პროდასავლურ კურსს გადაუხვია და 5 და 6 ივლისს ძალადობრივ ჯგუფებს საშუალება მისცა, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოეხსნათ და დაეწვათ.

ასევე წერილში ნათქვამია, რომ “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე საქართველოს არაფორმალური მმართველია, რომელმაც ნაკისრ ვალდებულებებზე უარის თქმით არაერთხელ სცადა ქვეყნის მოქალაქეების და საერთაშორისო პარტნიორების მოტყუება. ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნით “ცინიკურად და უხეშად” დაარღვია შარლ მიშელის მედიაციის პროცესში შექმნილი დოკუმენტი.

“უნდა იცოდეთ, რომ სანამ ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრია, საფრთხის ქვეშაა უკლებლივ ყველა ჟურნალისტის და მოქალაქის სიცოცხლე, ისევე, როგორც ამ ქვეყნის ღირსება და თავისუფალი მომავალი”, – მიმართეს მედიის წარმომადგენლებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს.

შარლ მიშელი საქართველოში მიმდინარე წელს უკვე მესამედ ჩამოვიდა. ამჟამად ის ესწრება ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას “ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია”, თუმცა კონფერენციის დაწყებამდე შეხვდა როგორც ოპოზიციის, ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის- პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.

კონფერენციის პარალელურად აქცია იმართება ბათუმშიც.

რა საკითხები განიხილეს შარლ მიშელმა და ოპოზიციამ შეხვედრაზე

უმცირესობების უფლებები არ არის მარგინალური საკითხი – მიშელი

მასალების გადაბეჭდვის წესი