ახალი ამბები

რა საკითხები განიხილეს შარლ მიშელმა და ოპოზიციამ შეხვედრაზე

19 ივლისი, 2021 • 1252
რა საკითხები განიხილეს შარლ მიშელმა და ოპოზიციამ შეხვედრაზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დღეს, 19 ივლისს ბათუმში გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შარლ მიშელთან რამდენიმე მნიშველოვან საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე, 5-6 ივლისის მოვლენებზე, მომავალ არჩევნებზე და ზოგადად შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის შესრულებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

ოპოზიციის წარმომადგენლების განმარტებით,  შეხვედრაზე შარლ მიშელმა მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა ზოგადად საქართველოს მიმართ, ასევე, ქვეყანაში რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით.

სალომე სამადაშვილის თქმით, შეხვედრაზე ოპოზიციამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ აუცილებელია “ქართულ ოცნებაზე” ზეწოლის გაძლიერება, რადგან ქვეყნის ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშაა.

ამასთან, სამადაშვილის თქმით, შარლ მიშელმა ამჯერად ხელის მოწერისკენ მოუწოდა იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს:

“ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან ჩვენ მოვისმინეთ მოწოდება, რომ ამ დოკუმენტს სასურველია შეუერთდეს ყველა ოპოზიციური პარტია ქვეყანაში, რომელსაც სურს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა. ჩვენს ევროპელ კოლეგებს სწორედ მიშელის დოკუმენტი მიაჩნიათ იმ საკვანძო შეთანხმებად, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და ის პოლიტიკური ცვლილებებიც, რაც ამ ქვეყანას სჭირდება. ამიტომ მისი მხრიდან ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მოწოდება”, – განაცხადა სამადაშვილმა.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კი განმარტა, რომ შარლ მიშელისგან მიიღეს გარანტია, რომ ხელისუფლების მხრიდან შეთანხმების დოკუმენტის შესრულებასთან დაკავშირებით ოპოზიციას ექნება სრული მხარდაჭრა, “მათ შორის, მართმსაჯულების კუთხით და სხვა მიმართულებებით, რომელიც ამ დოკუმენტშია გაწერილი”.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს 5-6 ივლისის მოვლენები, რა დროსაც ოპოზიციამ განმარტა, რომ პოლიციამ არათუ ვერ, არამედ არ დაიცვა ჟურნალისტები ძალადობისგან.

“ბატონმა შარლ მიშელმა პირდაპირ თქვა, რომ, რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე ისაუბრებს ხელისუფლებასთან, გაცილებით მკაცრი იქნება ცალსახად დახურლ კარს მიღმა, ვიდრე საჯაროდ. ასევე, კონკრეტულ მექანიზმებზე., როგორც იცით, ეს არის მაკროფინანსური მხარდაჭერის საკითხი, ეს არის სხვა მექანიზმები, აუცილებლად იქნება ამაზე საუბარი”, – განმარტა ვაშაძემ.

ამასთან, პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ შარლ მიშელმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და დაწვა, “რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითად შეაფასა”.

რაც შეეხება სანქციებს და დაფინანსების შეწყვეტის საკითხებს,  ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს არ დაუდასტურებია, რომ მიშელთან შეხვედრაზე კონკრეტული სანქციების შესახებ იყო საუბარი, თუმცა ყველა მათგანმა გაუსვა ხაზი იმას, რომ არსებობს დაფინანსების შეწყვეტის საფრთხე.

“უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირს აქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ არ დაუშვას ამ შეთანხმებიდან გადახვევა და განახორციელოს ყველა ნაბიჯი იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გააგრძელებს [შეთანხმების დარღვევას]. თქვენ იცით, რომ ევროკავშირისთვის სასამართლო რეფორმა ამ შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია და ამ რეფორმის განხორციელება არის 75 მილიონი ევროს ტრანშის გამოყოფის უცილობელი პირობა. სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” ნაბიჯები საფრთხეში აგდებს ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობას, სახელმწიფოს კეთილდღეობას იმიტომ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უმნიშვნელვოანეს ფინანსურ დახმარებას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტ მიშელის ჩართულობა უზრუნველყოფს, რომ საბოლოო ჯამში, “ქართული ოცნება” იძულებული იქნება შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პირობა შეასრულოს”, – განმარტა ჯაფარიძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ კი განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი “იყო ძალიან მკაფიო იმ ნაწილში, რომ პირველ რიგში, ის ოპოზიციას შეხვდა”. დეკანოიძემ განაცხადა,რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ხელისუფლებისთვის. მისი თქმით, შეხვედრაზე ოპოზიციამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური კრიზისი არ დასრულებულა და ქვეყანა ამჟამად გზაგასაყარზე დგას.

“მან ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% არის ევროკავშირის, ნატოში ინტეგრაციის, დასავლელი პარტნიორების, დასავლური ღირებულებების და ზოგადად თავისუფლების იდეალისტი და მან იცის, რომ საქართველოს მოსახლეობა ყურადღებით აკვირდება, რას იტყვის პრეზიდენტი. შესაბამისად, მისი გზავნილები იყო ძალიან მნიშვენლოვანი. არის რაღაც მოცემულობა, რომელსაც ვერ ვიტყვი ახლა, მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მწვავე კრიზისთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული გზავნილები გაკეთდება”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმებას არ შეუერთდა, პარტიამ აიღო ვალდებულება, რომ შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ცვლილებას დაუჭერს მხარს.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ლევან იოსელიანმა კი განაცხადა, რომ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ოპოზიციის ჩართულობის მნიშვნელობას და იმას, რომ ბოიკოტი გამოსავალი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი