ახალი ამბები

ქართველი ჩინოსანი არ იგულისხმება, არ გვინდა, რეპუტაციული ზიანი მივაყენოთ — პაპუაშვილი

16 ივლისი, 2021 • 1086
ქართველი ჩინოსანი არ იგულისხმება, არ გვინდა, რეპუტაციული ზიანი მივაყენოთ — პაპუაშვილი

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი არ აკონკრეტებს, ვის გულისხმობენ “ჩინოსანში”, ვინც  აშშ-ის სტრუქტურებს “დამახინჯებულ ინფორმაციას” აწვდის, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს “ჩინოსანი” ქართველი არ არის. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

“აქ, რა თქმა უნდა, ქართველი ჩინოსანი არ იგულისხმება, სხვა შემთხვევაში ეს ჩვენი გუნდის წევრი იქნებოდა. თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში თავს ვიკავებთ დაკონკრეტებისგან, ვინაიდან საკითხი ეხება ჩვენს პარტნიორებს, მათ იერარქიას. არ გვინდა, რაიმე რეპუტაციული ზიანი მათ მივაყენოთ. ამიტომ არ ვკონკრეტდებით, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, იქნება ეს ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია, ნიკა მელია როგორ უდიერად მოიხსენიებენ სხვადასხვა პარტნიორს”, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, აქვთ თუ არა პრეტენზიები და შენიშვნები ელჩის მუშაობასთან და შეფასებებთან დაკავშირებით და გულისხმობენ თუ არა კელი დეგნანს „ჩინოსანში“, რომელმაც მათივე შეფასებით დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდა პარტნიორებს, პაპუაშვილი პასუხობს:

“ქართველი ჩინოსანი აქ არ იგულისხმება. რაც შეეხება შიდა იერარქიებს, თუ როგორ ხდება ინფორმაციების მიწოდება დამახინჯებით თუ დამახინჯების გარეშე, კონკრეტიკა არ გვინდა ვინმეზე პიროვნულად საუბარი. თუმცა ჩვენი აღქმა არის, რომ დამახინჯებით აქვთ ინფორმაცია მიწოდებული. ვფიქრობთ, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი ქცევა”, — განაცხადა პაპუაშვილმა.

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ აშშ-ის სტრუქტურებს “ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერიების” გამო ინფორმაცია დამახინჯებულად მიეწოდებათ. ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერების, ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძისა და შალვა პაპუაშვილის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

“ოცნების” ლიდერებმა განცხადება დღეს, 16 ივლისს, მას შემდეგ გაავრცელეს, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა  უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას შემაშფოთებელი უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

“ოცნების” ლიდერების თქმით, გუნდის თითოეული წევრისთვის გასაკვირი და შემაშფოთებელია განცხადებები და შეფასებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ვრცელდება.

“ამ ფონზე შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს”, – აცხადებენ “ოცნების” ლიდერები.

ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერიების გამო აშშ-ში ინფორმაცია დამახინჯებულად მიეწოდებათ – “ოცნება”

მასალების გადაბეჭდვის წესი