ახალი ამბები

გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევა რუსეთიდანაც ყოფილიყო

16 ივლისი, 2021 • 875
გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევა რუსეთიდანაც ყოფილიყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ვაქცინაციის პორტალზე კიბერშეტევა რუსეთიდანაც ყოფილიყო შესრულებული.

დღეს გამყრელიძემ ჟურნალისტებთან ვებინარი გამართა, რა დროსაც ვაქცინაციასთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხა. მისი თქმით,  „დანამდვილებით ემხრობა“ იმ ვერსიას, რომ 3 ივლისს ძლიერი კიბერშეტევა იყო სამინისტროს სერვერებზე, მათ შორის, დაზიანდა შიდა მოხმარების ლაბორატორიის ქსელიც.

„ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს ძლიერი კიბერშეტევა იყო. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვისგან. დაავადებათა კონტროლის ცენტრზე განსაკუთრებული ყურადღებაა“, — აცხადებს გამყრელიძე.

დამატებით კითხვაზე, ხომ არ გამორიცხავს, რომ კიბერშეტევა შესაძლოა რუსეთის მხრიდან ყოფილიყო, გამყრელიძე პასუხობს:

„არ გამოვრიცხავ არაფერს“.

3 ივლისს, მაშინ, როდესაც „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ დოზებზე რეგისტრაცია უნდა გახსნილიყო, სარეგისტრაციო პორტალი booking.moh.gov.ge გაითიშა. რამდენიმე საათში ჯანდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ საიტზე კიბერშეტევა მოხდა. დაიწყო გამოძიებაც.

ჯერჯერობით უცნობია, დაადგინა თუ არა საგამოძიებო უწყებამ რაიმე. გამოძიების სიახლეებზე ნეტგაზეთმა მიმართა შსს-ს, პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

შსს იძიებს “კიბერშეტევას” ვაქცინაციის პორტალზე

მასალების გადაბეჭდვის წესი