დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი [NCDC] ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კოვიდ შეზღუდვების შემსუბუქება ნაჩქარევი იყო.
დღეს NCDC-მ ჟურნალისტებთან ვებინარი გამართა, რა დროსაც, გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კითხვაზე, თუ ეთანხმება მოსაზრებას, რომ შეზღუდვები ნაადრევად მოიხსნა, ის პასუხობს:
„ვეთანხმები, სწრაფად მოხდა. შემსუბუქება ვიჩქარეთ. ჩვენ, სამედიცინო მხარე ვართ უფრო რადიკალურები საბჭოზე, ვიდრე ეკონომიკური მხარე. ისიც გასაგებია, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო იყო გარკვეული თავისუფლება, რათა განვითარება ყოფილიყო განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ამიტომ ჯერდება ყველა წინადადება და ვცდილობთ, რომ ოქროს შუალედი ვიპოვოთ. გეთანხმებით, რომ შეზღუდვების მოხსნა მთელი რიგი მიმართულებებით იყო დაჩქარებული“, – ამბობს გამყრელიძე.
საქართველოში 30 ივნისიდან კომენდანტის საათი მოხსნეს, ასევე შემსუბუქდა თითქმის ყველა შეზღუდვა.