ახალი ამბები

დეკანოზი ცქიფურიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა

16 ივლისი, 2021 • 2006
დეკანოზი ცქიფურიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელმაც 5 ივლისის, ძალადობრივი და ჰომოფობიური აქციის დაწყებისას, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს უთხრა, რომ ღმერთისთვის ძალადობა ვალდებულებაა, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა. მას თან ახლდა ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე, რომელმაც გამორიცხა, რომ სასულიერო პირმა ძალადობის წამახალისებელი განცხადება გააკეთა.

“არანაირი ძალადობისკენ მოწოდება არ ყოფილა, მოხდა ფაბრიკაცია თქვენ მიერ… იმ 10-წუთიან გამოსვლაში არ იყო არცერთი მოწოდება ჟურნალისტების ცემისკენ ან ვინმეს შეურაცხყოფისკენ”, — უთხრა მჟავანაძემ ჟურნალისტებს.

კითხვას, ვის მიმართ იყო ნათქვამი სპირიდონ ცქიფურიშვილის ფრაზა ,— “არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ღმერთისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის”, — მჟავანაძემ ასე უპასუხა:

“ვისზე იყო და ქვეყნის წინააღმდეგ ვინც იბრძვის, ამაზეა საუბარი… ქვეყანას რომ ვინმე იარაღით ხელში თავს დაესხას…

იქ, მაშინ, იმ მომენტში, არანაირად ჟურნალისტებზე ზეწოლა არ იყო. ეს გამოსვლა იყო, სანამ ის ამბები დატრიალდებოდა”.

თავად დეკანოზი გამოკითხვაზე ისე შევიდა, რომ მედიის კითხვებს არ უპასუხა.

“დასჯილი” დეკანოზი

სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელმაც 5 ივლისს ზემოხსენებული განცხადება გაახმიანა, მსახურებიდან მხოლოდ დროებით მოხსნეს.

როგორც ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი განმარტავს, მას საპატრიარქომ სასტიკი საყვედური გამოუცხადა და ამით შემოიფარგლა – „ჩვენ ციხეები არ გვაქვს, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ დასაჭერია, იჩივლეთ სასამართლოში,“.

„დასჯილია, არაფერს აგრძელებს.. თქვენ რომ აგიხსნათ, ისვენებს მაგ მსახურებიდან…“, – ამბობს მთავარეპისკოპოსი იაკობი ინტერვიუში ფორმულას ჟურნალისტთან.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მღვდელმა, რომელიც 5 ივლისს მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდებდა ძალადობისკენ, “სასტიკი საყვედური” მიიღო.

“ის სასულიერო პირი, რომელმაც მსგავსი მოწოდებები გააკეთა (ძალადობრივი), დაბარებული იყო, მიიღო სასტიკი საყვედური და საჯაროდ ჩაწერა და გაავრცელა თავისი შენდობის ვიდეო. ეს ნიშნავს, რომ რაიმე კიდევ ერთი გადაცდომა გამოიწვევს მძიმე სასჯელს მის მიმართ. თუ მსგავსი ფაქტი ისევ იქნება, მომაწოდეთ და განვიხილავთ”,- ამბობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და დასძენს, რომ 5 ივლისს მღვდლები ჟურნალისტებს “ეფარებოდნენ და იცავდნენ”.

დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართულ ძალადობრივ აქციაზე მოქალაქეებს “ღვთისა და სამშობლოსთვის” ძალადობისკენ ღიად მოუწოდა. ამ დღეს თბილისის ცენტრში მიზანმიმართულად გაუსწორდნენ მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს.

„ვალდებული ხართ, იძალადოთ!“ — ეს იყო სპირიდონ ცქიფურიშვილის გამოსვლის საკვანძო ფრაზა, რამაც პარლამენტთან გამართულ ძალადობრივ აქციაზე დამსწრეებს შორის აპლოდისმენტები გამოიწვია.

იურისტები ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობენ, რომ ეს განცხადება, სულ მცირე, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და  გამოძიება უნდა დაიწყოს. საინტერესოა ისიც, რომ სპირიდონ ცქიფურიშვილი სიძულვილის შემცველი განცხადებების გავრცელებას მანამდეც არ ერიდებოდა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი