ახალი ამბები

ვალდებულები ხართ, იძალადოთ ღმერთისთვის — დეკანოზი ხალხს დანაშაულისკენ მოუწოდებს

5 ივლისი, 2021 •
ვალდებულები ხართ, იძალადოთ ღმერთისთვის — დეკანოზი ხალხს დანაშაულისკენ მოუწოდებს

საპატრიარქოს განცხადების თანახმად,  “ღირსების მარშის” წინააღმდეგ შეკრება “მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული” უნდა ყოფილიყო, თუმცა მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ჰომოფობიურ ჯგუფებს ღიად მოუწოდა ძალადობისკენ.

“არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ღმერთისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის”, — მიმართა მან რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს.

ჯერჯერობით უცნობია, დაიბარეს თუ არა დაკითხვაზე დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი. სისხლის სამართლის კოდექსის [მუხლი 239​1.]  თანახმად, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება 1. რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე. 2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.


5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ასევე, დაარბიეს “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20-ზე მეტი წარმომადგენელი.

შსს ამ დრომდე არ ამბობს, დააკავეს თუ არა ვინმე მედიაზე ძალადობისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი