ახალი ამბები

ბრალის წარსადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს – მინისტრის მოადგილე

6 სექტემბერი, 2021 •
ბრალის წარსადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს – მინისტრის მოადგილე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე 5 ივლისის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს იმისთვის, რომ „ალტ-ინფოს“ წამყვან ზურაბ მახარაძესა და დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს ბრალი წარუდგინონ.

მინისტრის მოადგილემ ასე უპასუხა სახალხო დამცველს, რომელმაც გენერალურ პროკურატურას 5 ივლისის ძალადობის ორგანიზებასა და მოწოდებისთვის ზურაბ მახარაძისა და დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ ბრალის წაყენების მოთხოვნით დღეს, 6 სექტემბერს მიმართა.

„როგორც ჩემთვის ცნობილია ამ ეტაპზე არ არის საკმარისი მტკიცებულებები საქმეში იმისთვის, რომ პირების მიმართ ბრალის წაყენება მოხდეს. ეს არის სახალხო დამცველის შეფასება, ქვეყანაში ბრალდების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ პროკურორს და პროკურორი საქმის მასალებზე დაყრდნობით იღებს ამ გადაწყვეტილებას.

ზურაბ მახარაძე იქნება თუ სხვა, თუკი იქნება საკმარისი მტკიცებულებები, მის მიმართ შესაბამისი რეაგირება მოხდება. რაც შეეხება მახარაძეს, მის სახლში ჩატარდა ჩხრეკა, მათ შორის ერთ-ერთი აქციის დროს, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ადმინისტრაციული წესითაც იყო დაკავებული, ასე რომ, კანონი და სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ყველას თანაბრად უდგება, ვინც ჩაიდინა დანაშაული აგეს პასუხი“,  — თქვა დარახველიძემ.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, მისთვის გაუგებარია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკურ კონტექსტზე საუბარი, რადგან ამ დროისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 31 ადამიანია მიცემული და “12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმე აქტიურ გამოძიებაშია”.

ამასთან, პოლიტიკური ნიშნის არარსებობის არგუმენტად დარახველიძემ განაცხადა, რომ არაერთი პირის სახლში ჩატარდა ჩხრეკა, არაერთი ნივთი ამოიღეს და ასევე ისინი გამოკითხვაზეც იყვნენ დაბარებულები.


სახალხო დამცველმა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას ზურაბ მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას დღეს, 6 სექტემბერს მიმართა.

ზურაბ მახარაძე “ალტ-ინფოს” ტელეწამყვანი და ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. სპირიდონ ცქიფურიშვილი კი დეკანოზი, რომელმაც 5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქციის დაწყებისას რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს უთხრა, რომ ღმერთისთვის ძალადობა ვალდებულებაა.

ლომჯარიას თქმით, პროკურატურის მიერ სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაციით ამ დროისთვის 5 ივლისის საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 53 პირი, სისხლის სამართლებრივი დევნა კი 27 პირის მიმართ, მათ შორის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით. თუმცა, ლომჯარიას თქმით ამ დრომდე პროკურატურას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი პირის მიმართ არ დაუწყია.

ომბუდსმენის თქმით, მათ შეისწავლეს მედიასაშუალებებით გავრცელებული ვიდეომასალები, რომლის საფუძველზეც სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მასალები ზურაბ მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ აღწევს დასაბუთებული ვარაუდის, ანუ ბრალის წარდგენის სტანდარტს. ერთ შემთხვევაში – ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მეორე შემთხვევაში – ძალადობრივი ქმედების საჯაროდ მოწოდებისთვის.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი