ახალი ამბები

დირექტორის წასვლამ კიდევ უფრო მეტი კითხვები გაგვიჩინა — “მაესტროს” ჟურნალისტები

16 ივლისი, 2021 • 900
დირექტორის წასვლამ კიდევ უფრო მეტი კითხვები გაგვიჩინა — “მაესტროს” ჟურნალისტები

ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტები არხზე გია გაჩეჩილაძის დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ გაჩეჩილაძის დაბრუნებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.

მათი თქმით, “მაესტროს” ჟურნალისტებს გაჩეჩილაძის დაბრუნების გამო კითხვები ისედაც ჰქონდათ, თუმცა მას შემდეგ, რაც აღნიშნული მიზეზით არხი დირექტორმა ვაკო ავალიანმა დატოვა,  კიდევ უფრო მეტი კითხვა გაუჩნდათ.

“ჩვენ ყოველთვის გვქონდა შეკითხვები არხზე გია გაჩეჩილაძის დაბრუნებასთან დაკავშირებით და დირექტორის წასვლამ კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩინა. თუნდაც, რა იგულისხმება პრიორიტეტების ცვლილებაში.

ჩვენ, “მაესტროს” გუნდს, ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერ არ გვაქვს. გვითხრეს მხოლოდ ის, რომ გია გაჩეჩილაძეს არხზე მოაქვს საკუთარი პროექტები ე.წ. აუთსორსით და მას ახალი ამბების რედაქციასთან და მის პოლიტიკასთან შეხება არ ექნება.

ჟურნალისტები ველოდებით პასუხს კითხვებზე არხის მფლობელებისგან და დამფუძნებლებისგან. იქამდე კი ვაგრძელებთ მუშაობას და გიყვებით ამბებს ისე, როგორც აქამდე გიყვებოდით”, – აცხადებენ “მაესტროს” ჟურნალისტები.

ვაკო ავალიანი, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა, აცხადებს, რომ არხს ტოვებს.

„ვტოვებ მაესტროს, სადაც კარგი მეგობრები და საქმის ერთგული მაგარი ადამიანები შევიძინე“, – დაწერა მან ფეისბუკზე 15 ივლისს, საღამოს საათებში.

როგორც ავალიანი წერს, არხის სლოგანია „გაიგე ამბავი“, რაც „სრულად ესადაგება სამაუწყებლო ბადეს“, თუმცა იქვე წერს:

„არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე [„უცნობი“] (რამდენიმე პროექტით). არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია“!

არხზე გაჩეჩილაძე ბრუნდება, ახალი პრიორიტეტები მიუღებელია – ავალიანი „მაესტროს“ ტოვებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი