ახალი ამბები

ბუაძე: მთავრობა მილიონებს ჩუქნის სამორინეებს, რათა მათ “ოცნების” დაფინანსება გააგრძელონ

16 ივლისი, 2021 •
ბუაძე: მთავრობა მილიონებს ჩუქნის სამორინეებს, რათა მათ “ოცნების” დაფინანსება გააგრძელონ

პარტიის “ლელო – საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე მთავრობის დადგენილებასთან დაკავშირებით, რომლითაც თბილისში სამორინეს მოწყობაზე სანებართვო მოსაკრებელი ნახევრდება, განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” ამას პირადი მოტივაციით აკეთებს.

საბა ბუაძის თქმით, ხელისუფლება მილიონობით ლარს ჩუქნის სათამაშო ბიზნესს და ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ადამიანებს, რათა “ოცნების” წინასაარჩევნო კამპანია დააფინანსონ:

“მთავრობა მისი დამფინანსებელი სათამაშო ბიზნესისათვის მილიონობით ლარის ოდენობის საჩუქარს აძლევს თბილისში მდებარე სამორინეებს იმისთვის, რომ ამ სათამაშო ბიზნესმა და ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ადამიანებმა გააგრძელონ “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის დაფინანსება. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა და ელემენტარული დახმარება ვერ გამოუყო ქართულ ბიზნესს, რომელიც მისი ხელით განადგურების პირასაა.

მაგრამ 5 მილიონი ლარი გამოუყვეს სათამაშო ბიზნესს, მაშინ, როდესაც ეს არის მზარდი ბიზნესი, რომლის ბრუნვამაც გასულ წელს შეადგინა 38 მილიარდი ლარი. ამ ბიზნესს ირაკლი ღარიბაშვილმა გაუნახევრა გადასახადები. ჩვენ გვაინტერესებს, რა პასუხი აქვს ამაზე “ქართულ ოცნებას” და დამალობანას თამაშის ნაცვლად უნდა გამობრძანდნენ და კონკრეტულად გვიპასუხონ, რატომ მოხდა სათამაშო ბიზნესისთვის ამ ფულის ჩამოწერა და ვის ინტერესში იყო სალიცენზიო მოსაკრებლის განახევრება” ,- ამბობს საბა ბუაძე.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის ტერიტორიაზე მომავალი 1 წლის განმავლობაში სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი 5 მილიონი ლარის ნაცვლად 2.5 მილიონ ლარამდე შემცირდა.

აღნიშნული შეეხება ნებართვებს, რომელიც 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე გაიცემა თბილისის მთელ ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობასთან დაკავშირებით.

შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 11 ივლისს მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, კვლავ 2.5 მილიონი ლარი იქნება ნებართვის აღებიდან მეორე წელს სანებართვო მოსაკრებლის ღირებულება.

“თბილისის ტერიტორიაზე 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 1 იანვრამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვისათვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვროს 2 500 000 ლარის ოდენობით.

თბილისის ტერიტორიაზე 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 5 ივლისამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვისათვის პირველი წლის მომდევნო წლის სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვროს 2 500 000 ლარის ოდენობით” ,— ვკითხულობთ მთავრობის დადგენილებაში, რომელიც უკვე ძალაშია შესული.

მასალების გადაბეჭდვის წესი