ახალი ამბები

5 ივლისის ძალადობრივ ქმედებებზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს

16 ივლისი, 2021 • 625
5 ივლისის ძალადობრივ ქმედებებზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს

5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლევან ბრეგვაძის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის ვ.ბ-ს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

უწყების ცნობით,  მოქალაქე ნ.ზ-ს მიმართ შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვის და აზრის გამო დევნის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დ.ქ-ს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ვ.ბ. და მასთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორ ლევაბ ბრეგვაძეს, რომელსაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

ასევე, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე დ.ქ. სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხა მოქალაქე ნ.ზ-ს, რომელიც „ლგბტქი“ თემის მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე დროშით გადაადგილდებოდა. დ.ქ. და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები, ძალადობით და ძალადობის მუქარით, ნ.ზ-ს მიმართ დევნას ახორციელებდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მას”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ვ.ბ. 15 ივლისს, ხოლო დ.ქ. 14 ივლისს დააკავეს.

ვ.ბ-ს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა). დ.ქ-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა სიტყვის და აზრის გამო, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა).

ვ.ბ-ს და დ.ქ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

“თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი