მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ. ჟურნალისტები ჯერ კიდევ 5 ივლისის საღამოს ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ჰომოფობიური ჯგუფების ქმედებების ფონზე, მოვლენათა ეპიცენტრში, პოლიცია შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი და მან ვერ უზრუნველყო მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება.
აშშ-ის ყოფილი ელჩები საქართველოში, კენეტ იალოვიცი და უილიამ კორტნი, რომლებიც დღემდე ადევნებენ თვალს საქართველოს, კრიტიკულად ეხმაურებიან მთავრობის ნაბიჯებს ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და თბილისში 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მათ კომენტარებს „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, დიპლომატები თვლიან, რომ ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მთავრობის პასუხი არ იყო რეალობასთან შესაბამისი.
მაგალითად, უილიამ კორტნი, — ელჩი 1995-97 წლებში, რომელიც ახლა „რანდის კორპორაციის“ მკვლევარია, — ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოპერატორის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკების ზედოზირების დასახელება ყალბ ბრალდებას უფრო ჰგავს; ახლანდელი მოვლენები მოსკოვში განვითარებულ პროცესებს აგონებს და შიშობს, რომ საქართველოს მთავრობა ავტოკრატიული მთავრობების მსგავსად იქცევა.
„ავტოკრატიულ საზოგადოებებში ხშირად იყენებენ ხოლმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ყალბ ბრალდებას მათთან ოპოზიციაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ. ერთი მაგალითი მოსკოვიდან მახსენდება, სადაც გამომძიებელ ჟურნალისტს, ივან გოლუნოვს ნარკოტიკების მოხმარების ბრალი წაუყენეს. მაშინ რამდენიმე გაზეთმა ჟურნალისტი დაიცვა და ის გაათავისუფლეს. ეს არ არის ქმედება, რომელსაც ჩვენ საქართველოსგან ველოდებით. დასავლეთი საქართველოს უყურებს, როგორც მზარდ დემოკრატიას, ასეთი საქციელი კი ავტოკრატიულ მთავრობებს ახასიათებთ“,- ციტირებს „ამერიკის ხმა“ უილიამ კორტნის.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირების დასახელება არასერიოზულად მიაჩნია კენეტ იალოვიცს, რომელიც მის დაღუპვას 5 ივლისის ძალადობას უკავშირებს:
„მე ექიმი არ ვარ, მაგრამ როდესაც ამ ბატონის ფოტოები ვნახე, ნათელი იყო, რომ ძალიან მძიმედ იყო ნაცემი. როდესაც ვინმე ისეა ნაცემი თავში, როგორც ეს ბატონი იყო, ყოველთვის არის შანსი, რომ ტვინში გაჩნდეს სისხლდენა ან რაიმე ტიპის ტვინის დაზიანება, რომელიც გასინჯვის დროს არ გამოჩნდა. როდესაც წამლის ზედოზირებაზე ვსაუბრობთ, თეორიულად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ რა წამლების? ის საავადმყოფოში იყო, ექიმების გარდა სხვა ვინ მისცემდა მას წამალს?“, – გამოცემის თანახმად, ასე განაცხადა კენეტ იალოვიცმა.
იალოვიცი ასევე ამბობს, რომ „დემოკრატიული მონაპოვარი, რომელიც საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა, ნელ-ნელა ქრება“ და ამის მიზეზი ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიც არის.
ამასთან, როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, დიპლომატები შიშობენ, რომ საქართველოს პროდასვალური გზა ისეთი ნათელი აღარ არის, როგორც ადრე და დროა საქართველოს მთავრობამ ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე საუბრის ნაცვლად ქმედებებით აჩვენოს საქართველოს პარტნიორებს თავისი მკაფიო არჩევანი.
„ეს ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს საქართველოს მისწრაფებაზე დასავლეთისა და ნატოსკენ. ნათელია, რომ ახლანდელი მთავრობა არალიბერალურ ამბიციებს ავლენს ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე. ჩანს, რომ [საქართველოს მთავრობა] გარკვეულწილად, შორდება დასავლურ ორიენტაციას, თუმცა, რამდენადაა ის დაშორებული ამ გზას, ჯერ უცნობია“,- ციტირებს გამოცემა უილიამ კორტნის.
5 ივლისის ძალადობა და გარდაცვლილი ოპერატორის საქმე
“ტვ პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად გამოსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს, მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში სცემეს. ოპერატორმა მძიმე დაზიანებები მიიღო: აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, ბოლო დღეებში კი მკურნალობას სახლში აგრძელებდა.
11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაიცვალა, რასაც 2-დღიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების მონაწილეობით.
მეორე დღეს შსს-მ თქვა, რომ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შუალედური დასკვნით, შესაძლოა, ნარკოტიკული ზედოზირება ყოფილიყო. ასევე დასახელდა ის ნივთიერებები, რომელიც, უწყების ცნობით, ლაშქარავას სხეულში აღმოჩნდა, თუმცა შსს-ს წარმომადგენელს არ უთქვამს, დაადგინა თუ არა სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზამ და გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი აღმოჩენილი ნივთიერებები. მან ამის შესახებ მხოლოდ სავარაუდო ინფორმაცია გაავრცელა.
ამ დროისთვის “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, 5 ივლისს, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სულ დაკავებულია 23 პირი, კერძოდ:
- ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავებულია 19 პირი;
- ,,თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
- 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.