საზოგადოება

საქართველოში აშშ-ის ყოფილი 5 ელჩის ერთობლივი წერილი სააკაშვილზე

11 ივლისი, 2023 • 5359
საქართველოში აშშ-ის ყოფილი 5 ელჩის ერთობლივი წერილი სააკაშვილზე

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩები ერთობლივ წერილს ავრცელებენ და მოუწოდებენ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, საშუალება მისცეს მიხეილ სააკაშვილს, „სიცოცხლის გადასარჩენად“ სამკურნალოდ გაემგზავროს უცხოეთში.

თავიანთ წერილში ყოფილი ელჩები ახსენებენ სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის ანგარიშსა და ინფორმაციას ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ციტირებენ საქართველოს პარტნიორების წარმომადგენლების, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპარლამენტის კრიტიკულ განცხადებებს.

„2021 წლის 1 ოქტომბერს სააკაშვილი დააპატიმრეს ჩამოსვლიდან რამდენიმე საათში. თუმცა უმთავრესი საკითხი არა მისი დაპატიმრება, არამედ ციხეში გარდაუვალი სიკვდილის რისკია“, – ნათქვამია წერილში.

როგორც დიპლომატები ამბობენ, სააკაშვილის არასათანადო მოპყრობაზე პასუხიმსგებელი პირები შეიძლება მაგნიტსკის აქტის და, შესაბამისად, აშშ-ის ეკონომიკური და სავიზო სანქციების ქვეშ მოექცნენ.

„შეიძლება საფრთხე შეექმნას სხვა თანამშრომლობასაც აშშ-სა და საქართველოს შორის“, – აცხადებენ ყოფილი ელჩები.

მათივე აზრით, სააკაშვილის ირგვლივ არსებული კრიზისი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს.

„თუკი სააკაშვილი ციხეში დაიღუპა, სანქციები უფრო სავარაუდო ან უფრო ძლიერი იქნება. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს სააკაშვილის მიერ აუცილებელი მკურნალობის მიღება“, – ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს აწერს აშშ-ის ხუთი ყოფილი ელჩი საქართველოში:

  1. უილიამ კორტნი (საქართველოში მუშაობდა 1995-97 წლებში);
  2. იან კელი (2018-2021);
  3. რიჩარდ მაილზი (2002-05);
  4. ჯონ ტეფტი (2005-09);
  5. კენეტ იალოვიცი (1998-2001).

მასალების გადაბეჭდვის წესი