ახალი ამბები

უსამართლობა სააკაშვილს მოულოდნელ “სინდისის პატიმრად” აქცევს — კორტნი

15 ნოემბერი, 2021 •
უსამართლობა სააკაშვილს მოულოდნელ “სინდისის პატიმრად” აქცევს — კორტნი

ამერიკელი დიპლომატი, 1995-97 წლებში აშშ-ის ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უარის თქმას, დაესწროს მისსავე სასამართლო პროცესს.

“ასეთ უსამართლობას შეიძლება, ელოდე ლუკაშენკოს ბელარუსისგან, მაგრამ არა ისეთი საქართველოსგან, როგორიც ის ბევრმა მისმა მეგობარმა გაიცნო. უსამართლობა მიხეილ სააკაშვილს მოულოდნელ “სინდისის პატიმრად” აქცევს”, — წერს კორტნი Twitter-ში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. სახალხო დამცველმა არაერთხელ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო არ შეეფერება ექიმთა კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი ორი ვიდეო 11 ნოემბერს გაავრცელა.

პირველ ვიდეოში ჩანს მიხეილ სააკაშვილის იძულებითი გადაყვანის კადრები. ვიდეოს ხმა არ აქვს და, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

მეორე ვიდეო ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. კადრებში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.

ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილს უკვე მეორედ არ მიეცა უფლება, დაესწროს მისი საქმის განხილვას სასამართლოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი