ახალი ამბები

18 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გომელაურს მოუსმენენ

15 ივლისი, 2021 •
18 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გომელაურს მოუსმენენ

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა კვირას, 18 ივლისს, 12 საათზე დაიწყება. ამავე დღეს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა გაიმართება.

შს მინისტრის მოსმენას დაესწრებიან ოპოზიციური პარტიებსი წარმომადგენლებიც, რომლებიც ამჟამად ბოიკოტის რეჟიმში არიან.

გარდა აღნიშნულისა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს აირჩევენ და შესაბამის დადგენილების პროექტს უყრიან კენჭს.

ამასთან, რიგგარეშე სხდომაზე, პლენარული სხდომების გაცდენებიდან გამომდინარე, პარლამენტის რამდენიმე წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ:

“ეს საკითხი რეგულირდება პარლამენტის რეგლამენტით. ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები და ეს თემა იქნება რიგგარეშე სხდომის ერთ-ერთი საკითხი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

5 ივლისის ძალადობა და გარდაცვლილი ოპერატორის საქმე

“ტვ პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად გამოსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს, მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში სცემეს. ოპერატორმა მძიმე დაზიანებები მიიღო: აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, ბოლო დღეებში კი მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაიცვალა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების მონაწილეობით.

მეორე დღეს შსს-მ თქვა, რომ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შუალედური დასკვნით, შესაძლოა, ნარკოტიკული ზედოზირება ყოფილიყო. ასევე დასახელდა ის ნივთიერებები, რომელიც, უწყების ცნობით, ლაშქარავას სხეულში აღმოჩნდა, თუმცა შსს-ს წარმომადგენელს არ უთქვამს, დაადგინა თუ არა სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზამ და გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი აღმოჩენილი ნივთიერებები. მან ამის შესახებ მხოლოდ სავარაუდო ინფორმაცია გაავრცელა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ. ჟურნალისტები ჯერ კიდევ 5 ივლისის საღამოს ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ჰომოფობიური ჯგუფების ქმედებების ფონზე, მოვლენათა ეპიცენტრში, პოლიცია შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი და მან ვერ უზრუნველყო მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება.

ამ დროისთვის “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, 5 ივლისს, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სულ დაკავებულია 23 პირი, კერძოდ:

ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავებულია 19 პირი;

“თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;

1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი