საქართველოში აკრედიტირებული ევროკავშირის ქვეყნების მისიები 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებთან დაკავშირებით შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს კრიტიკურ წერილს უგზავნიან.
ოფიციალურ დოკუმენტში ქვეყნები მწუხარებას გამოთქვამენ, რომ საქართველომ ვერ შეძლო აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაცვა. პარალელურად კი, მოუწოდებენ მთავრობას, ყველა ძალადობრივი ინციდენტი სათანადოდ გამოიძიოს.
საელჩოები ასევე საუბრობენ „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების შესახებ:
„მწუხარებას გამოვთქვამთ ტელეოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული დაღუპვის გამო და დაველოდებით გარდაცვალების მიზეზების დამდგენი გამოძიების შედეგებს“, – წერია წერილში.
ნეტგაზეთი ამ წერილს სრულად და უცვლელად გთავაზობთ:
ბატონო მინისტრო,
მოგმართავთ წერილით, რომ გაგიზიაროთ შეშფოთება დაკავშირებული ბოლოდროინდელ მოვლენებთან, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის, იმიჯს. ვაღიარებთ რა საქართველოს მთავრობის უფრო ფართო პასუხისმგებლობას, ამ წერილის ასლებს პრემიერ–მინისტრსა და იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებსაც ვუგზავნით.
მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი, საყოველთაო უფლებებია და მათ საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, 5 ივლისს ლგბტქი+ თბილისი პრაიდის მონაწილეებმა ვერ შეძლეს ამ უფლებებით სარგებლობა, რადგან მათი უსაფრთხოებისთვის გარდაუვალი რისკი შეიქმნა.
კონტრაქციის მონაწილეებმა განახორციელეს ორგანიზებული ძალადობა, რომლის სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები იყვნენ. ორივე ჯგუფის წარმომადგენლების უსაფრთხოების ფიზიკური ხელყოფა საგანგაშო იყო. ამ კონტექსტში შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, უსაფრთხოდ და უვნებლად შეასრულონ თავიანთი სამუშაო. ძალადობა მიუღებელია და მისი პატიება დაუშვებელია. მწუხარებას გამოვთქვამთ ტელეოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული დაღუპვის გამო და დაველოდებით გარდაცვალების მიზეზების დამდგენი გამოძიების შედეგებს.
ვწუხვართ, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა დაეცვათ ისინი, ვინც მშვიდობიანად აღნიშნვდა პრაიდთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ასევე, არ მიიღო სხვა აუცილებელი ზომები, რომ თავიდან აეცილებინა ან აღეკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები. დაბოლოს, არ უზრუნველყო საკმარისი დაცვა, როდესაც აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა.
ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ და ერთგულნი არიან პრინციპისა, რომ ადამიანის უფლებები საყოველთაო და განუყოფელია და შეეხება ყველა ადამიანს, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა. ჩვენ ვიზიარებთ ფუნდამენტურ რწმენას, რომ უნდა დავიცვათ კონსტიტუციით გარანტირებული თითოეული მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და მედიის თავისუფლება. ეს საზიარო ღირებულებები გაცხადებულია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. ეს ღირებულებები გვაერთიანებს და სიამაყის საფუძველსაც გვაძლევს, თუმცა, ასევე, გვავალდებულებს, რომ ვიმოქმედოთ მათ დასაცავად და ისინიც დავიცვათ, ვინც ყველაზე დაუცველია ჩვენს საზოგადოებაში.
ამ ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტიური რიტორიკა ეროვნულ უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს და ზრდის დაუცველობას ქართული დემოკრატიისა, რომელიც უკვე დგას დეზინფორმაციით გამოწვეული მნიშვნელოვანი რისკების პირისპირ.
ამ ფონის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გადადგათ შემდგომი ნაბიჯები და მიიღოთ შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები. ყველა ძალადობრივი ინციდენტი და დანაშაულებრივი ქმედება ეფექტიანად და სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ დასჯილი კანონის სრული სიმკაცრით. ამასთან, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, დაიცვას კანონის უზენაესობა და იმოქმედოს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების ეფექტიანი პრევენციისთვის მომავალში. ამ ძალისხმევის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს სიძულვილის ენის, სიძულვილის გაღვივებასა და შეუწყნარებლობის აღკვეთაზე მიმართული შემდგომი ქმედებები.
ამავდროულად, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით იმოქმედონ და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს.
დაბოლოს, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ. ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის.
ხელმომწერები:
- ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
- ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო
- ბელგიის სამეფოს საელჩო
- ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო
- გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო
- დანიის სამეფოს საელჩო
- ესპანეთის სამეფოს საელჩო
- ესტონეთის რესპუბლიკის საელჩო
- ირლანდიის საელჩოს
- იტალიის რესპუბლიკის საელჩო
- ლატვიის რესპუბლიკის საელჩო
- ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო
- ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საელჩო
- ნიდერლანდების სამეფოს საელჩო
- პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო
- პორტუგალიის საელჩო
- რუმინეთის საელჩო
- საბერძნეთის საელჩო
- საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩო
- სლოვენიის რესპუბლიკის საელჩო
- სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო
- უნგრეთის საელჩო
- ფინეთის საელჩო
- შვედეთის სამეფოს საელჩო
- ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო
ამ დროისთვის, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, 5 ივლისს, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სულ დაკავებულია 23 პირი, კერძოდ:
- ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავებულია 19 პირი;
- ,,თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
- 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.