ახალი ამბები

გარდაიცვალა ასელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი

15 ივლისი, 2021 • 1402
გარდაიცვალა ასელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი

26 წლის ყაზახი გოგოს, ასელ აიტპაევას თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებული კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. ადვოკატის ინფორმაციით, დაახლოებით 1 კვირის წინ შეატყობინეს, რომ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული ბ.თ. რეანიმაციაში იყო გადაყვანილი. გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე დაუზუსტებელია.

“იყო უგონო, კომატოზურ მდგომარეობაში. გავესაუბრე ექიმს. ექიმმა მითხრა, რომ როცა ჩვენთან მოიყვანეს, თავში ჰქონდა დიდი რაოდენობით სისხლიო, რის შემდეგაც ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია და ოპერაციის შემდეგ იგი იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში.

ამის შემდეგ, უკვე გუშინ საღამოს, დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ უკვე გარდაცვლილი იყო. დაველოდები ექსპერტიზის პასუხს, იყო თუ არა დაზიანებები და რამ გამოიწვია დიდი რაოდენობით სისხლი თავის არეში… სხვა დაზიანებები მას არ აღენიშნებოდა, როცა მე დავათვალიერე. ექიმმაც თქვა, რომ სხვა დაზიანებები მას არ ჰქონია”, — უთხრა მედიას გარდაცვლილის ადვოკატმა ლაშა შუკაკიძემ.

ბ.თ. მიმდინარე წლის მაისში დააკავეს. მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც გაუპატიურებას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით ყაზახეთის მოქალაქე საქართველოში აპრილში ჩამოვიდა სამუშაოდ. ის რუსთავში, ერთ-ერთ ავტოსატრანსპორტო კომპანიაში მუშაობდა. 7 მაისს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ბ.თ-მ 26 წლის გოგოზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით სექსუალურად იძალადა, რის შედეგადაც “მძიმე ფსიქოტრავმულ მდგომარეობაში მყოფი” ასელ აიტპაევი მერვე სართულიდან გადახტა.

„განვიხილავთ ტრეფიკინგის ვერსიასაც“ — რა ვიცით ამ დრომდე ასელ აიტპაევას საქმეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი