ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა ერთ-ერთი ბანკის ბათუმის ფილიალის ყოფილი მენეჯერი, რომელსაც ამავე ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავებიან.
გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა ხსენებული დანაშაული ჩაიდინა ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2015 წლიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში, დაამზადა ანაბრის გახსნისა და დახურვის ყალბი ხელშეკრულებები, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები, რა გზითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს”, — ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურის თანახმად, დადგენილია, რომ მითვისებული თანხა, ჯამში, შეადგენს 2 467 667 ლარს, 180 480 აშშ დოლარს და 80 000 ევროს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.