ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საიდან იცოდა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომ ზაზა გახელაძეს ათავისუფლებდნენ

14 ივლისი, 2021 • 5063
საიდან იცოდა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომ ზაზა გახელაძეს ათავისუფლებდნენ

დღეს, 14 ივლისს, გამყოფ ხაზთან 2020 წელს დაკავებული ზაზა გახელაძე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანოტოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

მანამდე, რამდენიმე საათით ადრე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოების ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ “ფრთხილი და დამაიმედებელი ოპტიმიზმით აცხადებდა, რომ სულ მალე ზაზა გახელაძე დაგვიბრუნდება”.

რ2-ის ცნობით, ზაზა გახელაძის ოჯახმა მისი გათავისუფლების შესახებ პოსტ-ფაქტუმ ჟურნალისტებისგან შეიტყო. ნეტგაზეთმა ლორთქიფანიძეს ჰკითხა, საიდან ჰქონდა ინფორმაცია გახელაძის გათავისულფების შესახებ რამდენიმე საათით ადრე? დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი გორჩაკოვის ფონდის დაარსებული პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელია, განაცხადა, რომ ზაზა გახელაძის გათავისუფლება მოჰყვა რუსეთის საპატრიარქოს მიერ ძალიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რომელსაც ბიძგი საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის შუამდგომლობამ მისცა.

“შემთხვევით რომ არ დავწერდი ამას, თქვენ ხომ გესმით. არის დელიკატური საკითხები ისეთი, რომელიც შეეხებოდა ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობას, მის თავისუფლებაში ყოფნას. აუცილებელი იყო ის გამომეხატა, რაც შინაგანად განვიცადე, როდესაც ვიგრძენი, რომ ამ ადამიანის თავისუფლება იყო სრულიად რეალური პერსპექტივა. მე, მართალი გითხრათ, არ ვიცოდი, როდის გათავისუფლდებოდა, თუმცა ვიცოდი, რომ მალე გათავისუფლდებოდა, იმ ქმედებებიდან გამომდინარე, რასაც ბიძგი მისცა ჩვენმა პატრიარქმა”, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

“მქონდა დამაიმედებელი ცნობა, რომ საკითხი დაძრული იყო, თუმცა არ ვიცოდი ზუსტი თარიღი, თუ როდის გათავისუფლდებოდა იგი”, – აცხადებს ლორთქიფანიძე.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებითაც თავის დროზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედებდა იმისთვის, რომ ქართული მხარის ინტერესები დაცული ყოფილიყო.

“ამ შემთხვევაშიც [გახელაძის დაკავების საქმე] მინდოდა ვყოფილიყავი საქმის კურსში და როდესაც დავინახე ამ ქმედითი ნაბიჯების შესახებ, აღვნიშნე, რომ ზაზა ძალიან მალე გათავისუფლდებოდა”, – უთხრა ლორთქიფანიძემ ნეტგაზეთს.

23 ივნისს ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა სოფელ ქვემო ჭალაში დაგეგმილი საპროტესტო აქცია გააუქმეს, რადგან, როგორც თავადვე განაცხადეს, ქართული საპატრიარქოდან მიიღეს ცნობა, რომ ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს დატყვევებულის გათავისუფლების თხოვნის წერილით მიმართა.

ზაზა გახელაძის მამამ ასევე შეცვალა მანამდე გაცხადებული გადაწყვეტილება და არ გადაკვეთა გამყოფი ხაზი. მანამდე იგი აცხადებდა, რომ გამყოფი ხაზის გადაკვეთას აპირებდა, რათა ისიც დაეკავებინათ და იმავე საპყრობილეში მოხვედრილიყო, სადაც მისი შვილი იმყოფებოდა.

ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, მან გახელაძე რუსეთის პატრიარქის თხოვნით შეიწყალა.

გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოში არაერთი აქცია გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი