ახალი ამბები

კობახიძე არ პასუხობს კითხვას, მიესალმება თუ არა რუსული უნივერსიტეტის იდეას საქართველოში

25 ივლისი, 2023 • 1487
კობახიძე არ პასუხობს კითხვას, მიესალმება თუ არა რუსული უნივერსიტეტის იდეას საქართველოში

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, კონკრეტული პასუხი არ გასცა კითხვას, მიესალმება თუ არა საქართველოში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნას. მან თქვა, რომ მსგავსი თემების “ჭარბი” აქტუალიზაცია იმ ჟურნალისტის ინტერესშია, რომელმაც კითხვა დასვა.

საუბარია ცნობაზე, რომელიც “პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაავრცელა. როგორც ამბობს, თავად და მისი თანამოაზრეები რუსულ მხარესთან განიხილავენ “ქართულ-რუსული” უნივერსიტეტის შექმნას საქართველოში. ლორთქიფანიძის ცნობით, ხარჯებს რუსული მხარე ფარავს.

“ქართულ-რუსულ უნივერსიტეტზე მინდა, გკითხოთ. განათლების სამინისტროს განცხადებიდან ვიგებთ მხოლოდ იმას, რომ ამ დროისთვის არ მიმდინარეობს ასეთი საუბარი. დიმიტრი ლორთქიფანიძეს საიდან აქვს ასეთი ინფორმაცია?..

თქვენ მიესალმებით თუ არა ქართულ-რუსულ უნივერსიტეტს საქართველოში?” — ჰკითხა ჟურნალისტმა კობახიძეს 25 ივლისს, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა:

“ასეთი თემების ჭარბი აქტუალიზაცია, მით უმეტეს, რომ საფუძველი არ აქვს, არის არასწორი… ასეთი თემების ჭარბი აქტუალიზაცია არის თქვენი ინტერესი. ზოგადად, რუსული თემების ჭარბი აქტუალიზაცია არის თქვენი ინტერესი, ეს არ არის ჩემი ინტერესი… აქედან გამომდინარე, მე მოგიწოდებთ, რომ ეს თემა ჩახუროთ”.

ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ 24 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც დასძენს, რომ მსგავსი სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შესულა.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით არის დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განათლების სისტემისა და ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას”, — ამბობს უწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი