ახალი ამბები

სანქციები გამორიცხულია — სამხარაძე

14 ივლისი, 2021 • 923
სანქციები გამორიცხულია — სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოსთვის სანქციების დაწესებას გამორიცხავს.

მისი თქმით, საქართველო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტით რეგიონში მოწინავე ქვეყანაა და სანქციების დაწესების თეორიული დაშვებაც კი გამორიცხულია.

“ერთ-ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა დასვა კითხვა საქართველოსთვის სანქციების დაკისრებასთან დაკავშირებით. პასუხიც იყო ძალიან ზოგადი. ზოგადად, იმ ქვეყნებს, სადაც ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა, რა თქმა უნდა, უწესდება ხოლმე სანქციები. თუმცა საქართველო ნამდვილად არ არის ის ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა. ამიტომ ამ მიმართულებით მე მნიშვნელოვანს არაფერს ველოდები.

საერთოდ ამ ქვეყანაში აღქმებზე ვლაპარაკობთ. ოპოზიციას ერთი სული აქვს, რომ საქართველოს ვინმემ სანქციები დაუწესოს. თუმცა, ნამდვილად ვარწმუნებ ჩვენს საზოგადოებას, რომ სანქციებს არავინ არ დაუწესებს. იმიტომ, რომ საქართველო ამ რეგიონში არის მოწინავე ქვეყანა და ამ რეგიონში არ იგულისხმება მხოლოდ სამხრეთ კავკასია, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი. მოწინავე ქვეყანაა დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, ვარაუდი და თუნდაც თეორიული დაშვება, რომ ამის გამო საქართველოს სანქციებს ვინმე დაუწესებს, გამორიცხულია”, – განაცხადა სამხარაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი გამოეხმაურა საქართველოში 5 და 6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს და ასევე უპასუხა ჟურნალისტ დემნა დევდარიანის კითხვას, განიხილავს თუ არა ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლების რიგი წარმომადგენლებისთვის პერსონალური სანქციების დაწესების შესაძლებლობას.

კერძოდ, ჟურნალისტმა ჰკითხა, მისი წყაროების მიხედვით, ვაშინგტონში განიხილება საქართველოს მთავრობის იმ ოფიციალური პირების მიმართ პერსონალური სანქციების დაწესების საკითხი, ვინც პირდაპირაა პასუხისმგებელი 5 ივლისის ძალადობაზე. ნედ პრაისმა ამ საკითხს ასე უპასუხა.

“ჩვენ გვაქვს რიგი ინსტრუმენტები, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე… სანქციები არის ერთ-ერთი მათგანი. როგორც თქვენთვისაა ცნობილი, ჩვენ წინასწარ არ განვიხილავთ სანქციებს, სანამ მას არ დავაწესებთ, მაგრამ სიტუაციას ძალიან ახლოდან ვადევნებთ თვალს”, – განაცხადა პრაისმა და დასძინა, რომ აშშ ელის, დამნაშავე პირები პასუხს აგებენ ძალადობის გამო, ხოლო მომხდარს ყველა პარტია დაგმობს.

სანქციებზე წინასწარ არ ვლაპარაკობთ, თუმცა მოვლენებს ახლოდან ვადევნებთ თვალს – აშშ 5 ივლისის ძალადობაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი