ახალი ამბები

მივლენილია ყველა შესაძლო IT სამსახური ხარვეზის გამოსასწორებლად – ტიკარაძე

14 ივლისი, 2021 •
მივლენილია ყველა შესაძლო IT სამსახური ხარვეზის გამოსასწორებლად – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების პორტალზე შეფერხება მაღალი მიმართვიანობის გამო ფიქსირდება და აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრში მივლენილი არიან IT სპეციალისტები, რომლებიც უწყებას პრობლემის აღმოფხვრაში დაეხმარებიან:

“შეფერხებები არის კვლავ რეგისტრაციის სისტემაში და ჩვენს მოქალაქეებს კვლავ მინდა მოვუხადო ამის გამო ბოდიში. შეფერხებებს სხვა პერიოდებში იწვევდა კიბერთავდასხმები. ამ ჯერზე ეს ხარვეზი დაფიქსირებულია მაღალი მომართვიანობიდან და ძალიან ცუდია, რომ ვერ მოხდა ამის აღმოფხვრა დროულად. ამჟამად დაავადებათა კონტროლის ცენტრში მივლენილია ყველა შესაძლო IT სამსახური, რომელიც მუშაობს ამ ყველაფრის გამოსწორებაზე და იმედი გვაქვს, უმოკლეს ვადაში მოხდება ხარვეზის აღმოფხვრა.

დღეს გამოცხადებული დოზების რაოდენობა საბოლოო არაა, შესყიდვა განხორციელებულია და ფაიზერთან პირდაპირი მოლაპარაკებების ფარგლებში უნდა იყოს ეტაპობრივი მოწოდება და სწორედ ეტაპობრივად განხორციელდება ვაქცინების მოწოდება და ჩვენს მოქალაქეებს არ ექნებათ შეფერხება ფაიზერის ვაქცინაზე რეგისტრაციასა და მის მოხმარებაზე”, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე “რუსთავი 2-თან”.

ვაქცინაციის პორტალი booking.mov.gov.ge შეფერხებით მუშაობს.

საიტზე შეფერხება დაახლოებით 15:00 საათიდან ფიქსირდება, იმ დროიდან, როცა “ფაიზერის” ვაქცინაზე რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო.

ვაქცინაციის პორტალს პრობლემები შეექმნა და გაითიშა 3 ივლისსაც, როცა “სინოფარმის” ახალი დოზებზე რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო. მაშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საიტზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი