ახალი ამბები

“ფაიზერის” შემდეგი პარტიით 16 წელს ზემოთ პირებიც აიცრებიან — გამყრელიძე

14 ივლისი, 2021 • 2488
“ფაიზერის” შემდეგი პარტიით 16 წელს ზემოთ პირებიც აიცრებიან — გამყრელიძე

საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინით აცრა 16 წელს ზემოთ პირებისთვისაც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს, 14 ივლისს განაცხადა.

თუმცა, მისი თქმით, 16 წელს ზემოთ პირებისთვის “ფაიზერით” აცრა შესაძლებელი მას შემდეგ იქნება, რაც ვაქცინის შემდეგი პარტია შემოვა.  ამ ეტაპზე შემოსული “ფაიზერის” 28 ათასი დოზით კი აცრას 18 წელს ზემოთ პირები შეძლებენ.

“ამ ეტაპზე ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ, მაგრამ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს, რომ “ფაიზერზე” ასაკი დაიწევა 16 წლამდე, როგორც არის ინსტრუქციით. ეს მომავალ კვირაში მინისტრის შესაბამისი ბრძანებით გაფორმდება და უკვე “ფაიზერის” მეორე პარტია რომ შემოვა ქვეყანაში, იქ უკვე ასაკი იქნება 16 წელს ზემოთ”, — განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში “ფაიზერით” 12-15 წლის მოზარდებს არ აცრიან. NCDC-ს ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანა ევროპის წამლის სააგენტოს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას დაელოდება:

“რაც შეეხება 12 წლის და ზემოთ, ამას საბჭოზე ვიხილავთ. ზოგიერთი ქვეყნები იყენებენ უკვე “ფაიზერს” 12-დან 15 წლამდე ასაკში. ამ საკითხს განიხილავს ევროპის წამლის სააგენტო და ჯანმო. თუ იქნა ეს გადაწყვეტილება, საქართველოც შეუერთდება. ამ ეტაპზე, ივლისი-აგვისტოში, ეს არ იქნება ჩვენთან”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ამ ეტაპზე საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინის 28 ათასი დოზაა შემოსული. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ფაიზერით” იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. “ფაიზერით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.

“ფაიზერის” ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე „ფაიზერით” და “ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი, ხოლო ჩინური ვაქცინებით — “სინოფარმით” და “სინოვაკით” — იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ. “ფაიზერით” იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე შემდეგ 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ:

  1. „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“
  2. „კავკასიის მედიცინის ცენტრი“
  3. „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“
  4. „ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“
  5. ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“,
  6. ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“
  7. გორში „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“.

ჯანდაცვის სამინისტრო არ ავრცელებს ინფორმაციის, რა რაოდენობის “ფაიზერის” ვაქცინა ჩამოვიდა ქვეყანაში და რა გზებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი