ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ შსს-ს ნდობა დაკარგული აქვს და ამიტომ ინფორმაციას “დოზირებით” აწვდის საზოგადოებას ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე.
როგორც გახარია აცხადებს, 5 ივლისს სახელმწიფომ თავისი მოქალაქეები, მათ შორის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, ვერ დაიცვა. მისი თქმით, არ სჭირდება “დიდი გამოძიებები”, რომ დასკვნები გააკეთოს.
“მე აქ ვხედავ ძირითად მიზეზს, როდესაც სახელმწიფო თავის საბაზისო ფუნქციას ვერ ასრულებს, ეს ჩამოშლილი ინსტიტუტებია”, – განაცხადა გახარიამ.
გახარიას თქმით, ის, რომ მთავრობის წევრებმა 5 ივლისს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ იცოდნენ და საზოგადოებას აფრთხილებდნენ, მათ პასუხისმგებლობას არ ამსუბუქებს.
“სახელმწიფო მოღვაწეები, რომლებიც სარგებლობენ ხოლმე რაღაც გონორით, ჩვენ ხომ გაგაფრთხილეთო, ეს უნდა გაითვალისწინონ. როგორც ისინი ამბობენ, რომ სახელმწიფომ ეს ყველაფერი წინასწარ იცოდა, ეს მხოლოდ ამძიმებს მათ მდგომარეობას და არ ამსუბუქებს”, – განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნათქვამ სიტყვებს ნდობა იმდენად აღარ აქვს, რომ არღვევენ კანონს და ასე აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას.
” მე შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და ძალიან კარგად მესმის, რომ საგამოძიებო ორგანოებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ გამოძიება დასრულდეს. თქვენ რასაც ამბობთ, რომ აი, ასე, დოზირებით უწყება გვაწვდის ინფორმაციას, ეს ძალიან სამწუხაროა. ეს ჩემთვის ნიშნავს ერთ რაღაცას – შინაგან საქმეთა სამინისტროს ბევრი ღირსეული თანამშრომელი ხვდება და იაზრებს იმას, რომ ნდობა ინსტიტუტის სიტყვისადმი იმდენად ნაკლებია, რომ ისინი იძულებული არიან, რომ კიდევ უფრო არ დამძიმდეს ეს ყველაფერი, აი ასე, ნაწილ-ნაწილ. უბრალოდ, ინსტიტუტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნათქვამ სიტყვებს იმდენად უკვე ნდობა აღარ აქვს და ფასი აღარ აქვს, რომ იძულებული არიან დაარღვიონ კანონი, მათ შორის ასე, ნაწილ-ნაწილ საზოგადოებას შესთავაზონ [ინფორმაცია]. ეს სამწუხაროა. ეს პირდაპირ მიუთითებს ინსტიტუტების სისუსტეზე, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ინსტიტუტები, სამწუხაროდ, ძირითად ფუნქციებს ვერ ასრულებენ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ტვ “პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მანამდე, 5 ივლისს, საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა მასზე იმ დროს იძალადეს, როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
გარდაცვალებიდან მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ განიხილავს ნარკოტიკით ზედოზირების ვერსიასაც. ორი დღის განმავლობაში უწყებამ რამდენიმე ბრიფინგი გამართა და რამდენჯერმე ახსენა, რომ გარდაცვალებამდე ალექსანდრე ლაშქარავა ფონიჭალაში იმყოფებოდა.
შსს-მ 12 ივლისს თქვა, რომ ქიმიური ექსპერტიზის შუალედური ანგარიშის თანახმად, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ზედოზირება ყოფილიყო.
თუმცა უწყებას არ უთქვამს, დაადგინა თუ არა სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზამ და გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი აღმოჩენილი ნივთიერებები. მათ ამის შესახებ მხოლოდ თავიანთი ვარაუდი გაავრცელეს.
როგორც შსს-ში ამბობენ, 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის 5 – ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.