ახალი ამბები

თალიბანმა დანებებული ჯარისკაცები სიკვდილით დასაჯა – CNN

13 ივლისი, 2021 • 891
თალიბანმა დანებებული ჯარისკაცები სიკვდილით დასაჯა – CNN

თალიბანის მებრძოლებმა ავღანეთის სამთავრობო ძალების დანებებული სამხედროები სიკვდილით დასაჯეს.

მოვლენა 16 ივნისს მოხდა, თუმცა საერთაშორისო მედიაში ვიდეო დღეს, 13 ივლისს გაავრცელა ამერიკულმა  CNN-მა.

თალიბებმა ავღანელი სამხედროები თურქმენეთის მოსაზღვრე ფარიაბის პროვინციაში, ქალაქ დავლათ აბადში დახოცეს.

ფაქტი დაადასტურა წითელმა ჯვარმაც, რომლის თანახმადაც მოკლეს 22 დანებებული ჯარისკაცი.

თალიბანმა CNN-ს განუცხადა, რომ გავრცელებული ვიდეოები ყალბი და პროპაგანდისტული შინაარსისაა. თალიბანის პრეს-სპიკერის განცხადებით, მოწინააღმდეგე მხარე აღნიშნულ ვიდეოებს ავრცელებს, რათა ჯარისკაცებს, რომელთაც დანებება სურთ, გადაწყვეტილება შეაცვლევინონ. თალიბანისვე განცხადებით,  ტყვეობაში კვლავ ჰყავთ 24 ჯარისკაცი, რომლებიც ფარიაბის პროვინციაში დაატყვევეს.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს, რომ თალიბანის ტყვეობაში კვლავ რჩება 24 ჯარისკაცი. უწყების განცხადებით, ისინი დახოცეს.


ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ამერიკული ძალები ავღანეთს 11 სექტემბრამდე დატოვებენ.

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს ნატოს წევრმა და მოკავშირე ქვეყნებმა, რომელთაც სამხედრო კონტიგენტი ჰყავდათ ავღანეთში.

მას შემდეგ, რაც ქვეყნის დატოვება დასავლურმა ძალებმა დაიწყეს, თალიბანმა განაახლა სამხედრო შეიარაღებული თავდასხმები მთავრობის მიერ კონტროლირებად დასახლებებზე.

“Long War Journal-ის” თანახმად, 10 ივლისის მონაცემებით, ქვეყნის 212 რაიონს აკონტროლებს თალიბანი, მაშინ, როდესაც მთავრობა მხოლოდ 76 რაიონს აკონტროლებს. 119 რაიონი კვლავ სადავოდ ითვლება.

ავღანეთის მთავრობა კვლავ აკონტროლებს ქვეყნის დიდი ქალაქების უმეტესობას, თუმცა ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 85 პროცენტი თალიბანის კონტროლქვეშაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი