ახალი ამბები

ვანი-ბაღდათის მიტროპოლიტმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

8 მაისი, 2021 • 3753
ვანი-ბაღდათის მიტროპოლიტმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ტელეკომპანიის ჟურნალისტს, ირაკლი ვაჩიბერაძეს სიუჟეტის მომზადების პროცესში ვანი-ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონი ბულუხიამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტის ამსახველი ვიდეოამასალა ტელკომპანიამ დღეს გააავრცელა.

კადრებში ჩანს, რომ მიტროპოლიტი ჟურნალისტის გამოჩენასა და მის შეკითხვებზე ღიზიანდება, შემდეგ კი ჟურნალისტის მიკროფონს ე.წ ღრუბელს აძრობს და ისვრის, მოგვიანებით კი ირაკლი ვაჩიბერაძეს ფიზიკურ შერაცხყოფასაც აყენებს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ტელეკომპანიამ განცხადება დღეს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევა გუშინ, 7 მაისს მოხდა, როდესაც ირაკლი ვაჩიბერაძე ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა:

“გუშინ, 7 მაისს, ჩვენი ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე ასრულებდა ჟურნალისტურ საქმიანობას ვანი-ბაღდათის ეპარქიაში. მან აიღო ინტერვიუ რამდენიმე მღვდელმთავრისგან სასულიერო პირზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რაც გუშინ მთელ ქართულ მედიაში აქტუალური თემა იყო. ყველა ინტერვიუმ ჩაიარა მშვიდ ვითარებაში და მივიღეთ შესაბამისი პასუხები. გამონაკლისი იყო ვანი-ბაღდათის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია). აღნიშნულმა სასულიერო პირმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ჟურნალისტს, შემდეგ მუქარით აუკრძალა მისი ეპარქიის ტერიტორიაზე გადაადგილება, ბოლოს კი, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის მოწმე იქ მყოფი ათეულობით ადამიანია და გადაღებულია ჩვენს მიერ”, – წერია განცხადებაში.

“მთავარი არხი” ასევე აცხადებს, რომ ტელეკომპანიის ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ინციდენტები გახშირებულია და ტელეკომპანია მიიჩნევს, რომ ეს მიზანშეწონილად ხდება.

“სამწუხაროა, რომ ამ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დაბალი თუ მაღალი იერარქიის წარმომადგენლები. კიდევ უფრო სამწუხარო და საგანგაშოა, რომ საქართველოს საპატრიარქო არათუ არ რეაგირებს მსგავს ფაქტებზე, არამედ ამართლებს და ამგვარად ახალისებს სასულიერო პირების მხრიდან დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებს ჟურნალისტების წინააღმდეგ”, – ნათქვამია განცხადებაში.

“მთავარი არხი” ძალადობის და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან მყისიერ და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. არხის ინფორმაციით, აქამდე სახელმწიფოს მხრიდან ტელეკომპანიის ჟურნალისტებზე თავდასხმების შემთხვევებზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგირება “პრაქტიკულად ნულოვანია”.

ტელეკომპანია მოითხოვს, რომ “აღიკვეთოს მიზანმიმართული ძალადობრივი კამპანია ჩვენი არხის წინააღმდეგ და ჩვენი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა” და ” ხელისუფლებამ იმოქმედოს სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებით და კანონის შესაბამისად დასაჯოს ყველა პირი, განურჩევლად მისი რელიგიური კუთვნილებისა თუ თანამდებობრივი ან იერარქიული მდგომარეობისა”.

გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” საპატრიარქოს პრესსამსახურთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა ანდრია ჯაღმაიძე ჩვენს ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებას არ პასუხობს.

“ნეტგაზეთი” ასევე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინსიტროსაც, სადაც განმარტეს, რომ დააზუსტებენ არის თუ არა შესული შეტყობინება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

გარეკანის ფოტო: ირაკლი ვაჩიბერაძის ფეისბუკიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი