ახალი ამბები

„ოცნების“ ოფისთან ირაკლი აბსანძე დააკავეს

12 ივლისი, 2021 •
„ოცნების“ ოფისთან ირაკლი აბსანძე დააკავეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი ირაკლი აბსანძე „ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე დააკავეს. დაკავების კადრები ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.

ნეტგაზეთი პასუხს ელოდება შინაგან საქმეთა სამინისტროდანაც. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ აბსანძე პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევს და ამ დროს აკავებენ.

„ქართული ოცნების“ ოფისთან სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა პროტესტის ნიშნად შენობას კვერცხები და წითელი საღებავი ესროლეს. აქ მობილიზებული იყო პოლიციის კორდონიც.

რაც შეეხება ირაკლი აბსანძეს, ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აპროტესტებდა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდა.

დღეს, 12 ივლისს, საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებისა და 5-6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად. მათი მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაა.

აქციის პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი დაინიშნა, რომლის დროსაც თქვეს, რომ შესაძლოა, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება ყოფილიყო. ბრიფინგს აქციაზე პირდაპირ ეთერში უყურეს, რის შემდეგაც დემონსტრანტება „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი