ახალი ამბები

რატომ არ იყო შსს ისე ოპერატიული 5 ივლისის საქმეზე, როგორც ლაშქარავაზე – მდინარაძის განმარტება

12 ივლისი, 2021 •
რატომ არ იყო შსს ისე ოპერატიული 5 ივლისის საქმეზე, როგორც ლაშქარავაზე – მდინარაძის განმარტება

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ჰკითხეს, რატომ არ იყო გამოძიება ისეთივე ოპერატიული და სწრაფი 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე, როგორც „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ჟურნალისტის, ალექსანდრე ლაშქარავას საქმეზე.

მანამდე, რამდენიმე საათით ადრე, გამოძიების დაწყებიდან მეორე დღეს, შსს-მ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ ექსპერტიზის შუალედური ანგარიშის თანახმად, შესაძლოა, ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ზედოზირება ყოფილიყო.

„რუსთავი 2-ის“ ეთერში მდინარაძეს ჰკითხეს, რატომ არ იყო მსგავსი ოპერატიული საგამოძიებო რესურსი 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების გამოძიებისას გამოყენებული, მით უფრო, როდესაც კადრები სოციალურ ქსელებსა და ტელეეთერებში მოიპოვება.

„არ არის სწორი, რომ არ არის ამაზე რეაგირება. დღეის მდგომარეობით, თუ არ ვცდები, 20 ადამიანია დაკავებული კონკრეტული ბრალდებით.. გამოძიება არ არის ისეთი მარტივი საქმე, რომ 20 ადამიანის მიმართ, სადაც ტომებია ხოლმე… ჩვენი სტანდარტი მტკიცებულებების, ბოლო წლებში განსაკუთრებით, ძალიან მაღალია და 1-2 მტკიცებულებით ადამიანს არ აკავებენ. იმ ადამიანებსაც, რაც არ უნდა „ბნელები“ იყვნენ – და ასე მიმაჩნია მეც და საშინელებაა, წარმოუდგენელია ჟურნალისტზე, არ უნდა მოგაფიქრდეს, არ უნდა გააკეთო, მაგრამ ამ ადამიანების მიმართაც კი კანონი მაღალ სტანდარტს ითვალისწინებს. მათ უბრალო მტკიცებულებით, მხოლოდ კადრითაც კი ვერ დააკავებ, ისე მარტივი არ არის. ნუ შევიყვანთ შეცდომაში მაყურებელს და ნუ ვეტყვით, რომ კადრი არსებობს და მტკიცებულებებზე.. ეს იყო 2012 წლამდე მიდგომა“, – ამბობს ის.

დამატებით კითხვაზე, თუ არის რეაგირება ასე ოპერატიული, რატომ არ ხდება საზოგადოების ასევე ხშირად ინფორმირება ბრიფინგებით, მდინარაძე პასუხობს:

“ეს შეიძლება ჩავთვალოთ შსს-ს ხარვეზად. თუ ასეთი ინტერესია და თუ თქვენ ახლა გამოხატავთ საზოგადოებისა და მედიის ინტერესს,- რომ ყველა დაკავებულზე და ყველა კონკრეტულ ქეისზე ასეთივე ინტენსივობით იყოს კომუნიკაცია საზოგადოებასთან – მოვთხოვოთ ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს და გაქრება განცდა, რომ არ მუშაობენ. სინამდვილეში, იმ საქმეებზეც მუშაობენ და ამ საქმეებზეც მუშაობენ“, – აცხადებს ის და ამატებს, რომ ლაშქარავას საქმეზე შსს-ს ხშირი ბრიფინგების ჩატარება მოუწია – „იმიტომ რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ვერავინ შეძლოს,“.


როგორც შსს-ში ამბობენ, 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის 5 – ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.


ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს 11 ივლისს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

შეიძლება, ლაშქარავას გარდაცვალება ზედოზირების შედეგი ყოფილიყო – შსს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი