ახალი ამბები

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა პროდასავლურმა პარტიამ მოიპოვა

12 ივლისი, 2021 • 1466
მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა პროდასავლურმა პარტიამ მოიპოვა

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში, პირველადი შედეგებით, უმრავლესობა მოიპოვა პრეზიდენტ მაია სანდუს პარტიამ, რომელიც პროდასავლურ ძალად ითვლება.

ამჟამად ხმების 100%-ია დათვლილი და, ამ მონაცემების თანახმად, 101-წევრიან პარლამენტში სანდუს პარტიას უმრავლესობა ექნება.

არსებული მონაცემებით, სანდუს პარტიამ, „მოქმედება და სოლიდარობა“, ხმების 52.8% მიიღო, მთავარმა ოპონენტმა, პრორუსულად მიჩნეულმა იგორ დოდონის „სოციალისტურებისა და კომუნისტების ბლოკმა“ კი 27.17%.

წყარო: მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისია

ბიზნესმენ ილან შორის პარტიამ ხმების 5.74% მიიღო (ეს კანდიდატი ფიგურირებს მოლდოვის საბანკო სკანდალში, რომელიც 1 მლრდ აშშ დოლარის გათეთრების საქმეს ეხება, თუმცა შორი რაიმე დანაშაულის ჩადენას უარყოფს. საუბარია მოლდოვის 2014 წლის საბანკო სკანდალზე, როდესაც ქვეყნის საბანკო სექტორიდან 1 მლრდ აშშ დოლარი „გაქრა“).

ხმების ეს რაოდენობა, სავარაუდოდ, ნიშნავს მაია სანდუს პარტიისთვის 101-წევრიან პარლამენტში 63 დეპუტატს, დოდონის პარტიისთვის 32 დეპუტატს, და შორის პარტიისთვის 6 ადგილს.

რამდენიმე თვით ადრე, 2020 წლის 15 ნოემბერს, მაია სანდუმ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მოიპოვა, პრეზიდენტი იგორ დოდონი დაამარცხა და მოლდოვის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

სანდუ მოლდოვის ყოფილი პრემიერი და განათლების მინისტრია, ასევე,  მსოფლიო ბანკის ყოფილი ეკონომისტი. ის და მისი პარტია ევროკავშირთან მჭიდრო კავშირს ემხრობიან.

მისი ძირითადი კონკურენტი იგორ დოდონი იყო, პრორუსული „სოციალისტური პარტიის“ არაფორმალური ლიდერი, — რუსეთთან დაახლოებული პირი, რომლის მხარდაჭერასაც ღიად გამოხატავდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

გირჩევთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

რატომაა მოლდოვაში პროევროპელი კანდიდატის გამარჯვება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი

მასალების გადაბეჭდვის წესი