ახალი ამბები

რატომაა მოლდოვაში პროევროპელი კანდიდატის გამარჯვება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი

18 ნოემბერი, 2020 • 1704
რატომაა მოლდოვაში პროევროპელი კანდიდატის გამარჯვება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი

15 ნოემბერს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა, მან არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი დაამარცხა და მოლდოვის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

სანდუ მოლდოვის ყოფილი პრემიერი და განათლების მინისტრია, ასევე,  მსოფლიო ბანკის ყოფილი ეკონომისტი, ოპოზიციური პროდასავლური პარტიის, “მოქმედება და სოლიდარობის“ ლიდერია, რომელიც ევროკავშირთან მჭიდრო კავშირს ემხრობა.

მისი კონკურენტი იგორ დოდონი კი პრორუსული “სოციალისტური პარტიის” არაფორმალური ლიდერი, რუსეთთან დაახლოებული პირია, რომლის ღია მხარდაჭერასაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოხატავდა.

მაია სანდუ © ეპა

დოდონი და სანდუ პრეზიდენტობისთვის 2016 წლის არჩევნებშიც იბრძოდნენ, თუმცა მაშინ დოდონმა კონკურენტის დამარცხება შეძლო. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კი  მაია სანდუმ ხმების 57.7 % მიიღო, ხოლო იგორ დოდონმა — 42.3%.  შესაბამისად, რუსეთის მხარდაჭერილი კანდიდატის დამარცხება პროევროპელმა კანდიდტმა შეძლო.

რას ნიშნავს მოლდოვისთვის სანდუს გამარჯვება და რატომ არის პროდასავლური საგარეო კურსის მქონე მოლდოვა საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი?

რა მოხდა

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მაია სანდუ 35.77% -ით ლიდერობდა, იგორ დოდონს კი 32.87% ჰქონდა. პირველივე ტურში სანდუს, დოდონისაგან განსხვავებით, საზღვარგარეთ მცხოვრები მოლდოვის დიასპორის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების შედეგები სანდუს გამარჯვებისთვის მეორე ტურშიც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა ჟღენტი, რომელიც აქტიურად ადევნებს თვალს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს, ნეტგაზეთთან ამბობს, რომ დოდონის დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი საარჩევნო კამპანიის დროს დაშვებული შეცდომები იყო, კერძოდ, დიასპორის გამოცხადება “პარალელურ სამყაროში” არსებულ ამომრჩევლად.

“ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დიასპორამ მიიღო საკმაოდ სერიოზული მონაწილეობა. პირველ ტურში საერთო ხვედრითი წილი დიასპორის მიცემული ხმების იყო დაახლოებით 12%, ხოლო მეორე ტურში დაახლოებით 15-16%-მდე შეადგენდა, რამაც საკმაოდ სერიოზული გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე და ხელი შეუწყო ქალბატონი სანდუს გამარჯვებას. საარჩევნო კამპანიის დროს მოქმედმა პრეზიდენტმა დოდონმა დიასპორის წარმომადგენლებს „პარალელური ამომრჩევლები“ უწოდა, რამაც ძალიან აღაშფოთა მოლდოვის ყველა ის მოქალაქე, რომელიც საზღვარგარეთაა გასული. პროცენტულად დაახლოებით იგივე რაოდენობაა მოლდოვიდან დიასპორაში, რაც საქართველოდან. შესაბამისად, მათ მიიღეს მონაწილეობა ძალიან აქტიურად, რამაც სერიოზულად განაპირობა არჩევნების საბოლოო შედეგი”, — ამბობს ის.

გარდა ამისა, მოლდოვაში წინასაარჩევნო გამოკითხვებში მოსახლეობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კორუფციას ასახელებდა. სანდუს მთავარი დაპირებაც სწორედ კორუფციის აღმოფხვრას უკავშირდებოდა. კორუფციასთან ბრძოლა არა მხოლოდ პროევროპულად, არამედ პრორუსულად განწყობილი პარტიებისთვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მესამე ადგილზე გასულ პრორუს  კანდიდატ რენატო უსატის, მართალია, მაია სანდუსთვის ღია მხარდაჭერა არ გამოუხატავს, თუმცა მეორე ტურის წინ მოქმედ პრეზიდენტ იგორ დოდონს კორუფციის ბრალდებით აქტიურად აკრიტიკებდა, რამაც არჩევნების საბოლოო შედეგებზე გარკვეული გავლენა იქონია.

მამუკა ჟღენტი, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში

მამუკა ჟღენტის თქმით, ეკონომიკური სტაბილურობის გამყარების სურვილმა პროევროპული ან პრორუსული ორიენტაცია ამომრჩევლებში  გარკვეულწილად მეორეხარისხოვანი გახადა.

“მთავარი არგუმენტი, რაც სანდუს ჰქონდა, ეს იმდენად არ იყო პროევროპული ან პრორუსული მიმართულება, თუმცა ის მკვეთრად გამოხატული პროევროპული ორიენტაციის პოლიტიკოსია, მაგრამ ამ შემთხვევაში ამომრჩევლისთვის მთავარი მამოძრავებელ ძალა და არგუმენტი იყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.  არსებულმა პრეზიდენტმა ამოწურა ყველა ის რესურსი, რითაც ამ მიმართულებით შეეძლო თავის დაფასება და ძალიან სერიოზული კრიტიკა მომდინარეობდა მისი მისამართით, მათ შორის, არა სოციალისტების, არამედ სხვა პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური პარტიების მხრიდან”, — აღნიშნავს ის.

თუმცა, მამუკა ჟღენტის თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად რუსეთის ბერკეტებისა, სანდუს გამარჯვება ნიშნავს, რომ მოლდოვის უმრავლესობას  პროევროპული ორიენტაცია არჩეული აქვს.

“მოლდოვის მოსახლეობა საკმაოდ შერეულია და განსაკუთრებით სხვასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები. დიდი ნაწილი, მოლდოვის დედაქალაქის კიშინოვის ცენტრალური რაიონები, ძირითადად საუბრობენ რუმინულად, ჩრდილოეთ ნაწილსა და დნესტრისპირეთში უფრო რუსულია, შესაბამისად, ენასთან არის დაკავშირებული პოლიტიკური გემოვნებაც. თუმცა მე ვიტყოდი, რომ ნახევარზე მეტი ევროპულ ორიენტაციას არჩევს, მათ შორის ის მოსახლეობა, ვისაც დატოვებული აქვს ტერიტორია და ეს არის მოლდოვის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი”, — ამბობს მამუკა ჟღენტი.

თუმცა, ნიშნავს თუ არა პროევროპელი სანდუს გამარჯვება მოლდოვაში რუსეთის გავლენის შემცირებას, ამის თქმა ჯერ ნაადრევია. მოლდოვის საგარეო კურსთან დაკავშირებით მოსახლეობის შიდა განწყობები ცალსახა არაა და პროევროპულად განწყობილი მოსახლეობა მხოლოდ მცირედით აღემატება პრორუსული ორიენტაციის მქონეთა რიცხვს.

ამასთან, მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მოლდოვა საპალარლამენტო რესპუბლიკაა, შესაბამისად, პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია. იმისათვის, რომ ახალმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ რეფორმების გატარება და ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოება შეძლოს, მას პარლამენტის მხარდაჭერა დასჭირდება.

მოლდოვის 101-კაციან პარლამენტში შედის პრორუსული “სოციალისტურ პარტია”, პროევროპული ბლოკი AСUM ( რომელიც “მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის (PAS)” და “ღირსებისა და სიმართლის პარტიის (DA) გაერთიანებას წარმოადგენს),  გავლენიანი ბიზნესმენის, ვლადიმირ პლაჰოტნიუკის “დემოკრატიული პარტია” და  პარტია Sor . ამჟამად სამთავრობო კოალიცია დოდონის “სოციალისტურ პარტიასა” და “დემოკრატიულ პარტიას” აქვთ.

ამის გათვალისწინებით, მამუკა ჟღენტი ამბობს, რომ სანდუს გამარჯვება მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, თუმცა დასძენს, რომ “სიმბოლოებსაც დიდი დატვირთვა გააჩნია, როცა საქმე პოლიტიკას და ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობებს ეხება”.

მისი თქმით, ახლა სანდუს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა და გეგმა არის, რომ აღნიშნული პარლამენტის დაშლა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოახერხოს. თუმცა სკეპტიკურად უყურებს იმას,  რამდენად შესაძლებელი იქნება სანდუს სურვილების განხორციელება.

რატომ არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროევროპული მოლდოვა?

საქართველო, მოლდოვა და უკრაინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები არიან, რომელთაც ევროკავშირთან ასოცირების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასა და უვიზო მიმოსვლას მიაღწიეს. თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში მოლდოვის ურთიერთობები ევროკავშირთან საკმაოდ პრობლემური იყო.

მამუკა ჟღენტი აღნიშნავს, რომ ის, თუ რა პროცესები ვითარდება რომელიმე პარტნიორ ქვეყანაში, ზეგავლენას ახდენს როგორც მეორე სახელმწიფოზე, ასევე, მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სახელმწიფოებსა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე.

გარდა ამისა,  მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოსა და მოლდოვას გარკვეულწილად მსგავსი წარსული აქვთ და “როდესაც უყურებ, რომ მოლდოვაში თურმე შესაძლებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ეს საკმაოდ სერიოზული სიგნალი უნდა იყოს როგორც ჩვენი ხელისუფლებისთვის, ასევე, მოსახლეობისთვის”.

“შეიძლება სიმბოლურია, მაგრამ ამას საკმაოდ დიდი დატვირთვა გააჩნია, რომ მოლდოვაში, სადაც მოსახლეობა საკმაოდ დაყოფილია პრორუსულ და პროევროპულ მიმართულებებს შორის, იქაც კი პროევროპული კანდიდატი ახერხებს გამარჯვებას[…]

ამ შემთხვევაში მოსკოვში საკმაოდ უკმაყოფილონი არიან იმით, როგორც განვითარდა მოვლენები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად ზეგავლენისა, მიუხედავად ამ ჩარევის და სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებისა კრემლის მხრიდან, მაინც ყველა ქვეყანამ ჩვენი ბედი თვითონ უნდა გადავწყვიტოთ”, — ამბობს მამუკა ჟღენტი.

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის აზრით, მოლდოვაში პროევროპელი კანდიდატის გამარჯვება  ნიშნავს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთან ერთად, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ქვეყანა გაჩნდება, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უფრო  მკვეთრ ნაბიჯებს გადადგმას.

მისი თქმით, ეს, ალბათ, ბიძგს მისცემს იმას, რომ საქართველო და მოლდოვა ერთმანეთს შეეჯიბრონ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების, წარმატებული რეფორმების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

თუმცა ვანო ჩხიკვაძეც ითვალისწინებს მოლდოვაში არსებულ პოლიტიკურ გარემოს, მოსახლეობის განწყობებს და ამბობს, რომ სანდუს დიდი დრო დასჭირდება რეფორმების განხორციელებისთვის.

“ვერ ვიტყვი, რომ მაია სანდუს არჩევით მოლდოვამ რაღაც ჯადოსნური ჯოხი აიღო ხელში და უცებ, ერთი ხელის მოსმით ყველაფერი შეიცვლება. ამას, ალბათ, ძალიან დიდი დრო დასჭირდება. დრო გვაჩვენებს, რამდენად შეძლებს მაია სანდუ იმ რეფორმების განხორციელებას, რომელზეც პირობას იძლეოდა წინასაარჩევნო პერიოდში. აქედან გამომდინარე, იმის მოლოდინი, რომ ორ დღეში, ერთ კვირაში ან ერთ თვეში ყველაფერი შეიცვლება, ამის მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს. იმიტომ, რომ ეს ძალიან ბევრ რამეზე არის დამოკიდებული, როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებზე”, — ამბობს ის.

როგორც ვანო ჩხიკვაძე ამბობს, ძალიან ბევრი რამე  უშუალოდ რეფორმების განხორციელების პროცესზე იქნება დამოკიდებული, რაშიც სანდუს, პირველ რიგში, დასავლეთის ფინანსური დახმარების მოპოვება დასჭირება.

“იმიტომ, რომ ფინანსური მხარდაჭერა მოლდოვისთვის შეჩერებული ჰქონდა ევროკავშირს. აქედან გამომდინარე, პირველი და უმთავრესი იქნება ის, რომ ამ გაყინული და შეჩერებული დახმარების გამოთავისუფლება მოხერხდეს. ეს შეჩერდა იმის გამო, რომ ქვეყანაში რეალურად არ ტარდებოდა რეფორმები. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ პირველი რიგის ამოცანა სწორედ ეს არის, რომ ევროკავშირიდან წამოსული მხარდაჭერის მიღება მოხდეს, როგორც აქამდე. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა ამ ეტაპზე, რისი მიღწევაც მოუწევს ახალ პრეზიდენტს”, — ამბობს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი