ახალი ამბები

პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაპირისპირებაა

12 ივლისი, 2021 • 1309
პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაპირისპირებაა

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც რიგგარეშე სხდომა უნდა გამართულიყო, დაპირისპირებაა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სხდომათა დარბაზში მედიის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი დეპუტატები შევიდნენ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს. მათი თქმით, სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ.

დაპირისპირება მოხდა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერ გიორგი ვაშაძესა და უმრავლესობის წევრ ვიქტორ ჯაფარიძეს შორის. რის შემდეგაც პარლამენტის მანდატურებმა ვაშაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

პარალელურად, პარლამენტში მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ. საკანონმდებლო ორგანოში ვერ შედიოდნენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც.

საპარლამენტო ფრაქციის “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, ეს კანონდარღვევაა.

“ეს არის კანონდარღვევა. ახლა უნდა შემოვიდნენ. მოვითხოვეთ, მაგრამ მივიღეთ პასუხი, რომ საშვთა ბიურო არ ფუნქციონირებს. ეს არის ხელოვნური მიზეზი, ხელოვნური მიზეზის გამო ვერ ხერხდება თქვენი შემოშვება”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გუშინ, 11 ივლისს გამართულ აქციაზე, სადაც ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას აპროტესტებდნენ, მედიის წარმომადგენლებმა და ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისთვის ვადა დღეს, 12 ივლისს, 12 საათამდე მისცეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც დღეს დილით გამართული მთავრობის სხდომაზე გაირკვა, რომ ღარიბაშვილი გადადგომას არ აპირებს, მედიამენეჯერები პარლამენტთან შეიკრიბნენ.


ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და, შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.

მასალების გადაბეჭდვის წესი