ნეტგაზეთი | „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ აცხადებს მიღებას ლიტერატურულ და კინობანაკებში „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ აცხადებს მიღებას ლიტერატურულ და კინობანაკებში – Netgazeti
Batumelebi | RU
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ აცხადებს მიღებას ლიტერატურულ და კინობანაკებში

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ აცხადებს მიღებას ლიტერატურულ და კინობანაკებში

8 ივლისს, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ლიტერატურულ და კინობანაკებში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება იწყება. პროექტი განკუთვნილია 18-და 23 წლამდე სტუდენტებისთვის, ვისაც სურს მეტი გაიგოს თანამედროვე ქართულ თუ უცხოურ ლიტერატურაზე, გაეცნოს ლიტერატურული ნაწარმოების კინოსცენარად ადაპტირების სპეციფიკას და შეიძინოს ახალი მეგობრები. 

ბანაკების პირველი ეტაპი 8-14 აგვისტოს, ხოლო მეორე, 15-21 აგვისტოსაა დაგეგმილი. პროექტი განხორციელდება საქართველოს მთიან კურორტებზე. თითო ბანაკის ხანგრძლივობაა 7 დღე და 6 ღამე.  

პირველი ბანაკი მთლიანად თანამედროვე ქართულ ლიტერატურასა და მომიჯნავე საკითხებს დაეთმობა, ხოლო მეორე ბანაკის თემაა კინო და ლიტერატურა. პროექტის მონაწილეები მოისმენენ სატრენინგო კურსს, შეხვდებიან მათთვის საინტერესო ავტორებს, ნახავენ ფილმებს, ექნებათ შემეცნებით-გასართობი აქტივობები და სხვა. 

პროექტის ორივე ეტაპისთვის შეირჩევა 40 სტუდენტი, რასაც მათ მიერ გამოგზავნილი სამოტივაციო წერილი და გასაუბრება განაპირობებს. წერილში აუცილებლად უნდა დაასაბუთონ ბანაკში წასვლის სურვილი და მიუთითონ, კონკრეტულად, რომელ ბანაკში უნდათ მოხვედრა.  თითო კანდიდატს, მხოლოდ ერთ ბანაკზე შეუძლია განაცხადის შემოტანა.  

ბანაკში მოხვედრის მსურველმა, აუცილებლად უნდა წარმოადგინოს თბილისის რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთი

info@tbilisiwbc.ge-ზე, სამოტივაციო წერილისა და სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა, 20 ივლისი.

ბანაკის მონაწილეებს, გამგზავრებამდე ჩაუტარდებათ PCR ტესტირება. სტუდენტები და ტუტორები დაბინავდებიან სასტუმროში, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო პირველადი ნივთითა და ინვენტარით. ადგილზე იმუშავებს სამედიცინო პუნქტიც. 

პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით.

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი