ახალი ამბები

რეგულირების სააგენტომ “ნიუ ჰოსპიტალში” ლაშქარავას საქმის შესწავლა დაიწყო

11 ივლისი, 2021 • 1189
რეგულირების სააგენტომ “ნიუ ჰოსპიტალში” ლაშქარავას საქმის შესწავლა დაიწყო

სამედიცინო რეგულირების სააგენტომ კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” დაიწყო ტვ “პირველის” ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას სამედიცინო ისტორიის შესწავლა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის ექიმმა გიორგი რამიშვილმა დღეს, 11 ივლისს განუცხადა.

როგორც რამიშვილი ამბობს, ლაშქარავას მდგომარეობა გაწერის დროს იყო დამაკმაყოფილებელი, მას მისცეს რეკომენდაციები, კლინიკაში ჩაუტარდა სტანდარტების მიხედვით ჩაუტარდა ყველა საჭირო ჩარევა და დახმარება.

“გაწერის ვადა არის სტანდარტული, არავითარი განსაკუთრებული მანდ არ არის. გაწერის წინ გაუკეთდა კვლევები, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია. ის კლინიკიდან ნაადრევად არ გაწერილა.

ვთანამშრომლობთ რეგულირების სააგენტოსთან, რომელიც სწავლობს ამ დოკუმენტაციას – პაციენტის დაავადების მიმდინარეობას, შესრულებულ ჩარევებს და დასკვნას გამოიტანს რეგულირების სააგენტო”, — უთხრა რამიშვილმა ჟურნალისტებს.

კითხვაზე, მიღებულ დაზიანებებს შეეძლო თუ არა გამოეწვია სიკვდილი, აღნიშნულთან დაკავშირებით ექიმი აცხადებს, რომ ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

მისივე ინფორმაციით, ტვ “პირველის” ოპერატორს კლინიკაში შეყვანისას ოპერაცია ჩაუტარდა თვალ-ბუდეზე, რადგან ძვლები ჰქონდა დამსხვრეული, ასევე ჰქონდა ტვინის შერყევაც.

ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს დღეს, 11 ივლისს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ოპერატორი გარდაცვლილი იპოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი