ახალი ამბები

ძალადობრივი მოვლენები ჩრდილს აყენებს სახელმწიფოს და ქრისტიანობას – მიტროპოლიტი გრიგოლი

10 ივლისი, 2021 • 1108
ძალადობრივი მოვლენები ჩრდილს აყენებს სახელმწიფოს და ქრისტიანობას – მიტროპოლიტი გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი 5 ივლისს თბილისში განვითარებულ ძალადობრივ პროცესებზე საუბრისას დასძენს, რომ ქრისტიანისგან ნებისმიერი სახის ძალადობა დასაგმობია. სასულიერო პირის თქმით, უნდა გაირკვეს, ვინ ძალადობდა იმ დღეს:

“ნებისმიერი სახის ძალადობა ქრისტიანთაგან არ არის მოსაწონი და პირიქით, დასაგმობიც არის, რა თქმა უნდა. საპატრიარქოს აქვს შესაბამისი კომისია და ალბათ იმსჯელებს იმ საკითხებზე,რომლებიც ამ დღეებში გამოჩნდა ძალიან ცუდად.

ალბათ გასარკვევი ის არის, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ძალადობდნენ. მე მაინც ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ძალადობრივი მოვლენები ჩვენს სახელმწიფოს აყენებს ჩრდილს და ჩვენს ქრისტიანობასაც”.

მიტროპოლიტის ამ კომენტარს “ფორმულა” ავრცელებს.

5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქცია თბილისში

5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

მეორე დღეს, 6 ივლისს, თბილისის ცენტრში შეიკრიბა ათასობით მოქალაქე, რომელთაც დაგმეს სიძულვილი და ჰომოფობია. ძალადობრივი ჯგუფები ამ დღესაც მობილიზდნენ ქუჩებში, თავს დაესხნენ რამდენიმე ადამიანს და არაერთგზის სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა.

ამ დროისთვის, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პატიმრობა აქვს შეფარდებული 15 ადამიანს. მათ შორის 12-ს ჟურნალისტებზე თავდასხმას ედავებიან, 3-ს კი – “თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრას.

მასალების გადაბეჭდვის წესი