ახალი ამბები

გახარიას ლგბტ+ უფლებების მემორანდუმი “პოლიტიკურ კეკლუცობად” მიაჩნია

10 ივლისი, 2021 • 976
გახარიას ლგბტ+ უფლებების მემორანდუმი “პოლიტიკურ კეკლუცობად” მიაჩნია

პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას, ლგბტ+ უფლებების მემორანდუმი “პოლიტიკურ კეკლუცობად” მიაჩნია და არ აპირებს, დოკუმენტს ხელი მოაწეროს. მისი თქმით, მემორანდუმს კონკრეტული მიზნები არ აქვს.

“მემორანდუმს პარტია „საქართველოსთვის“ არ შეუერთდება მარტივი მიზეზის გამო – იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური კეკლუცობაა და ამის უკან ვერაფერს შინაარსობრივს ან კონკრეტულ მიზნისთვის გადადგმულ ნაბიჯს ვერ ვხედავთ.

მსგავსი, უაღრესად მნიშვნელოვანი, საქართველოს მოქალაქეებისთვის სენსიტიური და მგრძნობიარე საკითხის აი ასე, პოლიტიკურად პიარი, მიმაჩნია, რომ არაგონივრულია, არასწორია.

საქმე უნდა აკეთოს ყველამ – სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ფიზიკური უსაფრთხოება, სახელმწიფომ უნდა დაიცვას კონსტიტუცია და კონსტიტუციური უფლებები და ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს ისე, რომ მოქალაქეები კი არ უნდა დააპირისპიროს ერთმანეთს და ეკლესიის და უმრავლესობის ზურგს კი არ უნდა ამოეფაროს, თვითონ უნდა იყოს ავანგარდში, პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს და ასე მოქმედებდეს”, – აღნიშნა მან.

რა წერია ლგბტ+ უფლებების მემორანდუმში?

მიმდინარე წლის მაისში საქართველოს 15-მა პარტიამ და მოძრაობამ ხელი მოაწერა სიმბოლურ მემორანდუმს და საჯარო დაპირება დადო, რომ ლგბტი+ თემის უფლებების გაუმჯობესებისთვის ყველა შესაძლო პლატფორმას გამოიყენებს.

მემორანდუმის თანახმად, ხელმომწერი პარტიები თანხმდებიან, რომ საქართველოში გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის გამო მოქალაქეები ხშირად იჩაგრებიან.

დოკუმენტი ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერს – რომლის თანახმად, ყველა ადამიანი, განურჩევლად კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან/და სხვა შეხედულებების, არის თანასწორი.

„ვიაზრებთ რა, რომ ჰომოფობიის დაძლევაში შეგვიძლია მნიშვნელოვანი როლი შევასრულოთ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკური საქმიანობისას;

ვთანხმდებით, რომ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, მათ შორის შესაბამისი კანონშემოქმედებითი საქმიანობითა და საპარლამენტო კონტროლის განხორციელებით, ვიბრძოლებთ საქართველოში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად;

საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დავიცავთ ყველა ადამიანის მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა;

არ დავუშვებთ ჩვენი წარმომადგენლების მიერ პოლიტიკურ პროცესში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე სოციალური შუღლის გაღვივებასა და სიძულვილის ენის გამოყენებას“, – წერია დოკუმენტში.

მემორანდუმს მხარი დაუჭირა დიპლომატიურმა კორპუსმაც.

ვრცლად:

ლგბტ+ უფლებები: რას ნიშნავს პარტიების მემორანდუმი

მასალების გადაბეჭდვის წესი