ახალი ამბები

ჟურნალისტების თავისუფლება უნდა დავიცვათ – რააბი 5 ივლისის ძალადობაზე

10 ივლისი, 2021 •
ჟურნალისტების თავისუფლება უნდა დავიცვათ – რააბი 5 ივლისის ძალადობაზე

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი გამოეხმაურა ჟურნალისტებზე თავდასხმებს, რომლებიც ძალადობრივმა ჯგუფებმა თბილისში, 5 ივლისს განახორციელეს. მისი თქმით, მედიის წარმომდგენელთა თავისუფლება დასაცავია.

“ბოლო დღეებში ჩვენ ვნახეთ, რომ ათეულობით ჟურნალისტს დაესხნენ თავს საქართველოში, ამსტერდამში კი პიტერ დე ვრისს ესროლეს უბრალოდ იმის გამო, რომ თავის საქმეს ასრულებდა.

თავისუფალი მედია ფუნდამენტურია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შენარჩუნებისთვის. ჟურნალისტები ჩვენს თავისუფლებებს იცავენ, ჩვენ კი – მათი [თავისუფლებები] უნდა დავიცვათ”, – წერს რააბი.

პიტერ დე ვრისი, რომელიც მინისტრმა ახსენა, ნიდერლანდელი ჟურნალისტია, რომელსაც ამსტერდამის ერთ-ერთ ქუჩაზე, 6 ივლისს ესროლეს. ის კრიმინალური სამყაროს საკითხებზე მუშაობს. ეჭვმიტანილები უკვე დააკავეს.

5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქცია თბილისში

5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წსრმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი