ახალი ამბები

სემეკი შეისწავლის, დაარიცხა თუ არა თელმიკომ აბონენტებს ზედმეტი გადასახადი

9 ივლისი, 2021 • 1371
სემეკი შეისწავლის, დაარიცხა თუ არა თელმიკომ აბონენტებს ზედმეტი გადასახადი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი) აცხადებს, რომ კომპანია „თელმიკომ“ მოქალაქეებს ელექტროენერგიისთვის მეტი თანხა დაარიცხინა, ვიდრე საჭირო იყო. სემეკი ამბობს, რომ ზედმეტობით დარიცხული თანხები დაკორექტირდება.

უწყება წერს, რომ სემეკს არაერთმა მოქალაქემ მიმართა, რომლებმაც მოითხოვეს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის (თელმიკო) მიერ ივლისში აბონენტებზე დარიცხული გადასახადის სემეკის მიერ შესწავლა.

„სემეკში დაიწყო საკითხის აქტიური მოკვლევა და ზედმეტობით დარიცხული თანხების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს დაუკორექტირდებათ გადასახადი. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებმა უკვე გადაიხადეს ზედმეტობით დარიცხული გადასახადი, დაკორექტირებული თანხა აისახება მათ სააბონენტო ბარათზე.

კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია კომპანიის მიერ მოქალაქეებზე გადასახადის ზედმეტობით დარიცხვა. მოკვლევის შედეგად ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, სემეკი კომპანიის მიმართ იმოქმედებს მკაცრი, კანონშესაბამისი ზომებით. აქვე კომისია „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას“ მოუწოდებს, გადაამოწმოს აბონენტებზე დარიცხული თანხების სისწორე“, – ამბობს სემეკი და ამატებს, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ზოგადად არ გაზრდილა.

კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდნენ სემეკს ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან). ასევე, მოქალაქეებს სოციალურ ქსელში.


თბილისის მოსახლეობა ელექტროენერგიის ორ ქვითარს მიიღებს ივლისში, გამომდინარე იქიდან, რომ 1 ივლისიდან მოსახლეობას ელექტროენერგიას თელასის ნაცვლად „თელმიკო“ მიაწვდის.

ვრცლად:

ივლისში თბილისის აბონენტები  ელექტროენერგიის ორ ქვითარს მიიღებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი