ახალი ამბები

რატომ არის პრობლემა, როცა მიტროპოლიტი ძალადობას ძველი აღთქმით ამართლებს — ინტერვიუ თეოლოგთან

9 ივლისი, 2021 • 2703
რატომ არის პრობლემა, როცა მიტროპოლიტი ძალადობას ძველი აღთქმით ამართლებს — ინტერვიუ თეოლოგთან

რაზე მიანიშნებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მიერ ძველი აღთქმის სწავლებების პირდაპირი წაკითხვა და მათი გახმიანება ამბიონიდან? თეოლოგებსა და საკითხით დაინტერესებულ სხვა ადამიანებს შორის დისკუსია კვლავ გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ბავშვზე ძალადობის წამახალისებელი განცხადება გააკეთა და ამ გზავნილის გამყარებას სწორედ ძველი აღთქმის ერთ-ერთი პასაჟით შეეცადა.

ქადაგებისას სასულიერო პირმა თქვა, რომ “დღეს დადგა ჟამი ყველაფრის თავისუფლების, ზნეობის გარდა”, შემდეგ კი ბავშვთა საკითხს შეეხო და ასეთი რამ უთხრა ეკლესიაში შეკრებილ მრევლს:

“დღეს დედა ვეღარ ზრდის, მამა ვეღარ ზრდის… რატომ? იმიტომ, რომ ტელევიზორში სხვა რამე ესმის, მობილურში, ინტერნეტში, სხვა რამე ესმის ბავშვს და პროტესტს აცხადებს, ჩემი უფლებებიო!

აბა, ახლა გაბედე და არ შეუსრულო თხოვნა და დატუქსო ბავშვი, უყვირო ან კუთხეში დააყენო… რეკავს ეგრევე პოლიციაში – “დედა ჩემს უფლებებს ლახავს”, ” მამა მე მიყვირის”. მოდის პოლიცია და აფრთხილებს: “კიდევ ერთხელ ზარი გამოვა და ბავშვს წაგართმევთ თქვენ”.

ასეთი არსად არ ყოფილა. მოსეს რჯულში პირდაპირაა ნათქვამი, ურჩი შვილი, რომელიც არ უსმენს თავის მშობელს და არც არავის არ უსმენსო, გაიყვანეთ გარეთ და ჩაქოლეთო. წარმოიდგინეთ, როგორი უმკაცრესი ზომა იყო, რომ ურჩობა, თავხედობა, უტიფრობა არ ყოფილიყო საზოგადოებაში. დღეს პირიქით, ეს წაქეზებულია”.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები, მათ შორის, მაღალი იერარქები, არაერთგზის ესაუბრებიან მრევლს ძველი აღთქმის პასაჟებით. ქრისტიანობისა და იუდაიზმის ეს წმინდა წიგნი ეკლესიაში დღესაც იკითხება, თუმცა, საუკუნეების განმავლობაში, მისი არაერთი, მათ შორის, მეტად საკამათო სწავლება მრავალგზის გადაფასდა და აღნიშნულ მოძღვრებათა წაკითხვის ტექნიკებიც ჩამოყალიბდა.

ერთ-ერთი თეოლოგი, რომელმაც მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი ზემოხსენებული გზავნილის გამო გააკრიტიკა, ზურაბ ჯაში იყო. მან “ნეტგაზეთთან” ისაუბრა, როგორ იკითხებოდა და იკითხება ძველი აღთქმა, რატომ ეწინააღმდეგება მისი სწავლებების სწორხაზოვან, “ფუნდამენტალისტურ” გაგებას და რაზე მიანიშნებს ამ პრაქტიკის გაძლიერება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში.

სანამ უშუალოდ შევეხებოდეთ იოანე გამრეკელის ქადაგებას, დავიწყოთ ზოგადი კითხვით: რატომ მიგაჩნიათ სასულიერო პირების მიერ ქადაგებებისას ძველი აღთქმის პასაჟებზე აპელირება პრობლემურად?

განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით უწევთ ხოლმე თავიანთი აზრის გამოთქმა მაღალ იერარქებს, იყენებენ ძველი აღთქმის პასაჟებს. ეს შეიძლება ეხებოდეს ძალადობას, ჰომოსექსუალობას, სოდომისა და გომორის ეპიზოდს და ა.შ.

პრობლემას მდგომარეობს რაში: ქრისტიანობას, იუდაიზმსა თუ ისლამს აქვთ თავიანთი წმინდა წერილების წაკითხვის სათანადო თეოლოგიური პრაქტიკები და ტექნიკები. ანუ, როგორ უნდა გავიგოთ, რას ამბობს ესა თუ ის წმინდა წერილი. ეს არის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული თეორიები.

მაგალითად, ქრისტიანობაში ოთხ სხვადასხვა დონეზე იკითხება ბიბლია. უძველესი დროიდან ყალიბდება ეს ხედვა. II საუკუნეში ძველი აღთქმის საკითხი საკმაოდ პრობლემური გახდა: ქრისტიანობის [წიაღშიც] გამოჩნდნენ მიმდინარეობები, ე.წ. გნოსტიკოსები, რომლებიც ძველ აღთქმას ქრისტიანობისთვის მიუღებლად მიიჩნევდნენ. ასე ფიქრობდნენ, დიდწილად, სწორედ ასეთი ტექსტების გამო, [რომლებიც შეიცავდა] ძალადობრივ მომენტებს.

გნოსტიკოსების წინააღმდეგ წმინდა ირინეოს ლიონელი II საუკუნეში წერს საკმაოდ დიდ ნაშრომს. ის ამტკიცებს, რომ პრობლემა თავად ტექსტი კი არ არის, არამედ მისი სწორად განმარტება და გაგებაა საჭირო. მას საინტერესო შედარება აქვს მოტანილი: წარმოვიდგინოთ მოზაიკა, რომელიც ფერადი კენჭებისგან შედგება. აქ ხომ მთავარია, ამ კენჭებს როგორ დავალაგებთ და რა გამოსახულებას მივიღებთ?

მისი სიტყვებით, ერთი და იმავე კენჭებიდან შეიძლება მივიღოთ ორი სხვადასხვა გამოსახულება: ერთი იყოს მეფის გამოსახულება, მეორე კი — ძაღლის. წმინდა ირინეოსი ამბობდა, რომ სახარება არის ის გამოსახულება, რომლის მიხედვითაც უნდა დავალაგოთ ძველი აღთქმის ტექსტის კენჭები. ანუ, სახარება და ქრისტიანული სწავლება — სიყვარულის ღმერთი, რომელიც განგვიცხადა ქრისტემ — გვაძლევს ჩვენ იმ პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც უნდა წავიკითხოთ ძველი აღთქმა.

III საუკუნეში მოღვაწე, ადრეული ქრისტიანული სწავლების თეოლოგი ორიგენე წერს, რომ სახარების დაწერის შემდეგ, მთელი წმინდა წერილი, დაწყებული ძველი აღთქმიდან დღემდე, სახარების შუქზე უნდა წავიკითხოთ. შემდეგ აყალიბებენ ალეგორიული განმარტების მეთოდებს ისტორიულ პლანში დაწერილი მთელი რიგი ტექსტებისთვის. მაგალითად, [ძველი აღთქმის მიხედვით], როცა.ებრაელი ერი გამოდის ეგვიპტიდან, იკავებს ქანაანის ტერიტორიას და ის ტექსტი პირდაპირ რომ წავიკითხოთ, პრაქტიკულად, გენოციდზეა საუბარი: ამოწყვეტა ხდება მთელი იქ მცხოვრები ტომებისა, რის შემდეგაც ამ ტერიტორიას ისრაელი იკავებს. ორიგენე დასძენს, რომ გამორიცხულია, ჩვენთვის ასეთი ტექსტები რაიმე ფასეულს წარმოადგენდეს პირდაპირი გაგებით, ვინაიდან ქრისტე მოვიდა მშვიდობისა და სიყვარულის სასწავლებლად. ამიტომ გვჭირდება სულიერი გაგება. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, ისრაელის ეს ბრძოლა ტომებთან უნდა გავიგოთ სიმბოლური მნიშვნელობით,  რომ ჩვენ ვებრძვით ბოროტ ძალებს, ბოროტ აზრებს, რომლებიც ჩვენში შემოდის და ა.შ.

ასევე საინტერესოა, როგორ იყენებს ბერ-მონაზვნობა ასეთ ტექსტებს მეოთხე საუკუნეში: მაგალითად, ფსალმუნები იყო ძალიან პოპულარული ეგვიპტელ მეუდაბნოე მამებთან. ფსალმუნებში ჩვენ ძალიან ხშირად გვხვდება მილიტარისტული ტექსტები ბრძოლაზე, მტრის შემოსევაზე და ა.შ.

ერთ-ერთ ფსალმუნში არის კლასიკური ტექსტი: “ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჳილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა”. ისტორიულ კონტექსტში ეს რომ გავიგოთ, სრულიად გასაგებია, რა ხდება: ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი შემოესევა ისრაელს, დახოცავს ებრაელ ხალხს, მათ შორის, ბავშვებს, დანარჩენებს კი გადაასახლებს. ამ ფონზე, ტრაგედიით გამწარებული ებრაელი უცნობი ავტორი წერს ამ შურისგების სიტყვებს დამპყრობლისადმი. მაგრამ ეკლესიის მამებისთვის ეს ისტორიული მოვლენა დამთავრებულია და მათ არც კი აინტერესებთ მისი ნამდვილობა, რა როგორ იყო. ჩვენთვის წმინდა წერილი არის, ახლა და აქ რას გვეუბნება ის, რა სულიერ სწავლებას შეიცავს. მეუდაბნოე მამები ამ ადგილს განმარტავენ ასე: რა არის ბაბილონი? ეს არის სიმბოლური, ბოროტი სული, რომელიც გზავნის თავის ჩრდილებს, ანუ ბოროტ აზრებს ჩვენს სულში, და ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ ეს ბოროტი აზრები არ შემოვუშვათ, გავანეიტრალოთ კლდეზე შეხეთქებით. კლდე რა არის? ეს იყო ქრისტეს, როგორც უმაღლესი ლოგოსის სიმბოლო და მისი მეშვეობით უნდა გავანეიტრალოთ ბოროტი აზრები.

აი, ასე კითხულობენ წმინდა მამები მსგავს ტექსტებს. მე არ მინდა იმის თქმა, რომ ეკლესიას იდეალური ისტორია აქვს. აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც, განსაკუთრებით, ამ უკანასკნელში, ასეთი ტიპის ტექსტებს იყენებდნენ ათასნაირი ბოროტების, მათ შორის, მონათმფლობელობის, დამპყრობლური ომების გასამართლებლად. მაგრამ ეს არ იყო საეკლესიო სწავლებით, ეკლესიის მამების მიერ გამართლებული.

ძველი აღთქმა არის ბიბლიის ნაწილი. საქმე ის არის, რომ ის კი არ უნდა უგულებელვყოთ, არამედ, როგორც უკვე ვთქვით, მართებულად უნდა წავიკითხოთ. გადამწყვეტი უნდა იყოს სახარებაში გადმოცემული სიყვარულის სულისკვეთება.  როცა ამ თვალით კითხულობ, ადვილად გაარჩევ, რა არის მისაღები და რა — მიუღებელი. ქრისტიანისთვის საზომი უნდა იყოს სახარება და ახალი აღთქმა. თუ ამის გარეშე, პირდაპირ წაიკითხავ, მაშინ ვერაფერს გაიგებ და ყოველთვის იქნება როგორც ამ სწავლებების მცდარად გაგების, ისე ცხოვრებაში მათი არასწორად გამოყენების საშიშროება.

ასევე საინტერესოა, რამდენად ხშირად ხდებოდა რეალურ ცხოვრებაში ეს ძალადობრივი ფაქტები? საით იხრება სასწორი, როცა, ერთი მხრივ, ალეგორიულ გაგებასა და, მეორე მხრივ,  პრაქტიკაში განხორციელებულ ძალადობაზე  ვსაუბრობთ?

ვერასდროს გამოვრიცხავთ ამას. ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები და დღესაც ჩნდებიან ისეთები, რომლებიც აიღებენ ამ ტექსტებს და კითხულობენ პირდაპირ. ამას ჰქვია ფუნდამენტალისტური, პირდაპირი წაკითხვა. ეს ეკლესიის მიერ გამართლებული არ არის.

ისტორიულად, თავის დროზე, ქრისტეშობამდე, ისრაელში თუ იუდაიზმში ეს კანონები რეალურად სრულდებოდა თუ არა, ეს ჩვენ არ ვიცით. არ გვაქვს იმის საშუალება, რომ დროში გადავადგილდეთ და მოვძებნოთ. მეცნიერებს აქვთ სხვადასხვა აზრები ამასთან დაკავშირებით და არანაირი ჩამოყალიბებული მოსაზრება არ არსებობს, რომლის თანახმადაც ვიღაც ადგებოდა და პატარა ბავშვს, რომელიც მშობელს არ უჯერებდა, ჩაქოლავდა…

ანუ, ისტორიული ცნობები, რაც დღეს გვაქვს, არ ადასტურებს იმას, რომ ეს კანონები ასე სრულდებოდა. შეიძლება, სრულდებოდა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ეს წყაროები და ვერ ვიტყვით.

გასაგებია ძველი აღთქმის სწავლებათა წაკითხვის სპეციფიკა. თუმცა იქნებ უფრო ვრცლად ვისაუბროთ  ფუნდამენტურ განსხვავებებზე ძველი და ახალი აღთქმის სწავლებებს შორის, რომლებიც ირაციონალურს ხდის ქრისტიანობის ამჟამინდელ რეალობაში კვლავ ძველი აღთქმის მოძღვრებებზე აპელირებას?

ამ საკითხზე საუბრისას პავლე მოციქულიც ამბობს, რომ ძველი აღთქმა დასრულდა, ახლა დაიწყო ახალი აღთქმა… რომ მოვიდა ქრისტე და მოიტანა სრულყოფილი გამოცხადება. რა თქმა უნდა, [ქრისტიანული სწავლებით] ებრაელ ერს ჰქონდა ღმერთთან კავშირი, თუმცა ისინი სრულყოფილად ვერ შეიცნობდნენ ღმერთის ნებას, ანუ არ იყო ღმერთი სრულად გამოცხადებული. მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ღმერთი განკაცდა, მან უშუალოდ მოიტანა ღვთის გამოცხადება ჩვენთან. ანუ, უკვე მივიღეთ სრული ცოდნა, რა სურს ღმერთს.

კიდევ ერთი, რაც ძველ აღთქმას განასხვავებს ახლისგან: თვითონ ქრისტეც ამბობს სახარებაში, რომ მოსემ დაწერა “თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ”, მე კი გეუბნებით თქვენ, რომ მიუტევეთ თქვენს მტერს, აკურთხეთ და ა.შ. ანუ, ძველი აღთქმა აქცენტირებას ახდენდა უფრო იმაზე, რომ თუ ვინმემ რამე დაგიშავა, შენც სამაგიერო გადაუხადეო. ახალ აღთქმაში, პირიქით, ქრისტე ძალადობის არანაირი ფორმის გამართლების საშუალებას არ გაძლევს, თუნდაც სამართლიანი უკუგებისა.

მთელ ბიბლიაში არის ღმერთის ერთადერთი განსაზღვრება: “ღმერთი სიყვარულია”. შესაბამისად, უკვე დანარჩენი “მაგრამ”-ები, რომ კი, ღმერთი სიყვარულია, მაგრამ მან სოდომსა და გომორას გოგირდის წვიმა აწვიმა და ა.შ… ასეთი რამ არ არსებობს. ღმერთი არის სიყვარული და მორჩა, ამით ყველაფერია ნათქვამი. ასე რომ, ძალადობის გამართლება ძველ ტექსტებზე აპელირებით, რაც დღეს ხდება ჩვენთან სამღვდელოების მიერ, ეს არ არის ქრისტიანული. ამას არაფერი საერთო არ აქვს ეკლესიურ სწავლებასთან.

რატომ აკეთებს ამას სამღვდელოება? ერთი ახსნა არის ის, რომ სამწუხაროდ, თეოლოგიური განათლება საქართველოში არის ნულის ტოლი, მინუსებში გადადის. მე პირადად სასულიერო აკადემია მაქვს დამთავრებული და შემდგომ ვასწავლიდი კიდეც 1 წლის განმავლობაში დოგმატურ ღვთისმეტყველებას. ის, რასაც ვხედავდი, ჩემთვის იყო კატასტროფა. დღესაც იგივე ხდება. შემდგომ ის სტუდენტები ხდებიან სასულიერო პირები და რა უნდა იქადაგონ, როცა არაფერი უსწავლით სასულიერო სასწავლებელში?

მეორე მიზეზი არის ეკლესიაში არსებული აგრესიული სულისკვეთება, რომ მტერი გვებრძვის და ჩვენ ყველანაირი ძალით უნდა დავუპირისპირდეთ ამ მტერს. ომის მდგომარეობად არის აღქმული ეს სიტუაცია; არა დიალოგი ან ხიდების აგება სხვადასხვა აზრთან და მსოფლმხედველობასთან, არამედ თავდაცვითი ან შეტევითი, საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული ეკლესიაში.

თქვენი აზრით, რატომ სჭირდება ეკლესიას მუდმივად ამ მდგომარეობაში ყოფნა? რატომ ვერ იცვლება ეს მოცემულობა?

ბევრი მიზეზია. ალბათ, ამაზე უნდა მუშაობდნენ მთელი უნივერსიტეტები, მეცნიერები თუ სოციოლოგები, რათა გამოკვლეული იქნას ეს პრობლემა და შესაბამისი გზები დაისახოს მის მოსაგვარებლად. ამიტომ, ჩემს აზრს მოკრძალებული ვარაუდის სახე ექნება.

პირველი მიზეზი, რაც უკვე ვთქვი, განათლების არქონაა; ვერდანახვა იმისა, რომ ლიბერალიზმს თუ დემოკრატიას აქვს ქრისტიანული საფუძვლები; რომ წარმართული რომის იმპერიიდან, რომ არა ქრისტიანული შუა საუკუნეები, ვერ მივიღებდით  იმ ყველაფერს, რაც დღეს გვაქვს, იქნება ეს ადამიანის უფლებები თუ სხვა ფასეულობები. კი, ბევრი ცუდი რამ ხდებოდა, მაგრამ ქრისტიანული იდეები, რაც გულისხმობს სიყვარულსა და თითოეული ადამიანის უნიკალურობას, შემოვიდა. ეს არ იციან ამ ადამიანებმა. არ იციან თვითონ წმინდა წერილიც.

[სასულიერო პირები] ხშირ შემთხვევაში, არც კი კითხულობენ ხოლმე წმინდა წერილს. გამოდიან და თავიანთ პირად აზრებს ასაღებენ ქრისტიანობად და მართლმადიდებლობად, რადგან მიჩვეულნი არიან, რომ მრევლი მათ დაუჯერებს ყველაფერს. ჩემთვის გასაოცარი იყო სინოდის ბოლო სხდომაზე მიღებული განჩინება, რომელშიც ერთი ციტატაც არ იყო წმინდა წერილიდან. არანაირ საეკლესიო კანონზე მითითება არ ყოფილა, ისე გამოიტანეს გადაწყვეტილებები მთელ რიგ საკითხებზე. ანუ, ისინი არ თვლიან თავს ვალდებულად, რომ თავიანთი გადაწყვეტილება გაამართლონ ბიბლიაზე ან საეკლესიო სწავლებაზე დაყრდნობით. ძველ აღთქმასაც მას შემდეგ იყენებენ, რაც ხედავენ, რომ ეკამათებიან, საპირისპირო აზრი მოდის და ფიქრობენ, რომ რაღაცნაირად უნდა გაიმართლონ თავი.

და არის მეორე მომენტიც: ეს არის მათი ინტერესიც. ამაზე აგებენ თავიანთ ძალაუფლებას. ძალაუფლება ძალიან დიდი ცდუნებაა, არავინაა მისგან თავისუფალი. პოლიტიკოსებსაც ეს სჭირთ.[სამღვდელოებისთვის] იგივეა. როცა მტრის ხატს დაუსახავ ადამიანებს, ძალიან ადვილად იკრებ მათ შენ გარშემო. შენ ხდები მათი მხსნელი და გადამრჩენელი. ეს მითები და იდეოლოგია [სამღვდელოების] ძალაუფლების კონსოლიდირებას უწყობს ხელს, რაც სიამოვნებთ და, ბუნებრივია, ასე მარტივად არ ეთმობათ. შესაბამისად, ბოლომდე მიჰყვებიან ამ ძალადობრივ პოლიტიკას და ომის მდგომარეობას.

მაგრამ აქ სხვა ახსნებიც არის იმისთვის, ხალხი რატომ აკეთებს ამას. მათაც დაუცველობის განცდა აქვთ, რომ ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია და ყოველთვის მტერს ეძებენ გარეთ: “ჩვენ ვართ ცუდად იმის გამო, რომ ლიბერალები და გეები გვებრძვიან” და ა.შ. იმის ნაცვლად, რომ მოხდეს საზოგადოების კონსოლიდირება და ერთად ვიშრომოთ ქვეყნის აღმშენებლობისთვის, მტერს გარეთ ეძებენ და ყველაფერი მარტივდება ამით.

როგორია ტენდენცია მართლმადიდებლურ სამყაროში ამ კუთხით? სხვა ეკლესიებშიც შეინიშნება ძველი აღთქმის სწავლებების მსგავსი წაკითხვა და მათი ამ დოზით გამოყენება ქადაგებების დროს?

მე რამდენადაც ვიცი, ეს არსად ხდება. ფუნდამენტალისტური დაჯგუფებები ყველა ეკლესიაშია. სწორედ ფუნდამენტალიზმისთვის არის დამახასიათებელი წმინდა წერილის — ეს იქნება ქრისტიანული, ისლამური თუ სხვა — სიტყვა-სიტყვით გაგება. ანუ, თეოლოგიის, აზროვნების უარყოფა. ასეთი დაჯგუფებები, სამწუხაროდ, ყველა ეკლესიაშია მეტ-ნაკლებად. მაგრამ ჩვენთან [ეს ხდება] ტოტალურად.

მაგალითად, მე გერმანიაში დავდივარ რუმინულ ეკლესიაში. აქ ასეთი რამ არ არის. მოძღვარს, ვინც მყავს მე, არასდროს მოსვლია თავში აზრად, რომ ძველი აღთქმის ტექსტი აეღო და პირდაპირ ექადაგა. ეს იმიტომ, რომ მას აქვს თეოლოგიური განათლება. ეს მოთხოვნა არის სხვა ეკლესიებშიც. ჩვენთან ამ მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა.  ტოტალური გაუნათლებლობაა სამღვდელოებაშიც  და მრევლშიც, რის გამოც ვიღებთ ასეთ სავალალო შედეგებს. ასეთი მდგომარეობა, ასეთი ტოტალურად ფუნდამენტალისტური სულისკვეთების გაძლიერება, მე არსად მეგულება. ძალიან სამწუხაროა ეს.

თუ ელით, რომ ახლო თუ შორეულ მომავალში საპატრიარქო ნაწილობრივ მაინც გადააფასებს ან დაგმობს ამ პრაქტიკას?

არ ველი ამას. რატომ, იცით? 2000 წელს ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. 2000 წელს შედგა სინოდის კრება, რომელზეც მიიღეს, ისტორიას რომ არ უნახავს, ისეთი საშინელი გადაწყვეტილება. მაშინ დავა მიდიოდა არქიმანდრიტ რაფაელ კარელინს, მის მომხრეებსა და სასულიერო აკადემიის პროფესორ ედიშერ ჭელიძეს შორის.

დავა მიმდინარეობდა თემაზე, რომელზეც ეკლესიის 2000-წლიანი ისტორიის მანძილზე არასდროს უკამათიათ. არქიმანდრიტმა რაფაელმა წამოაყენა აზრი, რომ ჩვილი ბავშვი, რომელიც მოუნათლავად გარდაიცვლება, მიდის ჯოჯოხეთში. წარმოიდგინეთ, ბავშვი, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვლება და მის მონათვლას ვერ მოასწრებენ, მიდის პირდაპირ ჯოჯოხეთში!

ბატონი ედიშერი აღშფოთებული იყო ასეთი საშინელი სწავლებით. მან მთელ რიგ ეკლესიის მამებზე დაფუძნებით აჩვენა, რომ ეს არის მიუღებელი. მაგრამ, მოხდა რა? სინოდმა დაადგინა, რომ კი, თუკი ნებისმიერი ადამიანი არ მოინათლა მართლმადიდებელი რიტუალით, ის მიდის ჯოჯოხეთში და, შესაბამისად, ბავშვის შემთხვევაშიც ასე გამოვიდა.

ამის შემდეგ რაზეა საუბარი? რატომ უნდა გააკრიტიკონ მეუფე იოანე ან ის ადამიანები, რომლებიც ამ ძალადობაში იღებდნენ მონაწილეობას? არ აქვთ ამაზე რეაგირება. ყველაფერი ძალიან ცუდი მიმართულებით არის წასული საპატრიარქოში.

დასასრულს, იქნებ მოვუყვეთ მკითხველს, დაახლოებით როდიდან დაიწყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მსგავსი განწყობების, ძველი აღთქმის ასეთი ცალსახა წაკითხვის ტენდენციის გაძლიერება? 

როგორც გითხარით, 2 000 წელს ჩავაბარე სასულიერო აკადემიაში. მაშინ უკვე არსებობდნენ [რადიკალური] დაჯგუფებები. მაგალითად, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი”, ბასილ მკალავიშვილის [ჯგუფი]… ეს ხალხი ავრცელებდა თავის იდეებს, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ საპატრიარქოს მიერ მიღებულნი და მოწონებულნი. არცერთი მათგანი არ წარმოადგენდა “მეინსთრიმს” და საპატრიარქოს ხმას.

პირველი ნიშანი, რომ ეს ადამიანები იკავებდნენ ეკლესიის სწავლების მთავარ მიმართულებას, ჩემთვის იყო დავით ისაკაძის მიწვევა საპატრიარქოს რადიოში. მას მისცეს იმის საშუალება, რომ საჯაროდ ექადაგა. ასევე მახსოვს დაპირისპირება ილიას უნივერსიტეტში, ერეკლე დეისაძის წიგნის “საიდუმლო სირობის” გარშემო. პროტესტი გამოხატეს “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრებმა და შეტაკებაც მოხდა. ცოტა ხნის შემდეგ დავინახე, რომ მმკ-ის ლიდერი დავით ისაკაძე პატრიარქმა დააჯილდოვა. ანუ, არანაირი კრიტიკა არ ყოფილა. პირიქით, დააჯილდოვეს.

ამ და სხვა პერიოდიდან იწყება ფუნდამენტალიზმის უფრო მეტად აღზევება, როცა მან პერიფერიიდან გადმოინაცვლა ცენტრში, საპატრიარქოში, და თანდათანობით გაძლიერდა. [ამის შედეგად] დღეს ვიღებთ სწორედ იმ საშინელებას, რაც დავინახეთ [თბილისის ქუჩებში] რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტებზე და არამხოლოდ მათზე ძალადობით სახით.

მასალების გადაბეჭდვის წესი