ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პოლონელ ტურისტს, რომელიც 5 ივლისს თბილისში დაჭრეს, ერთ-ერთ სასტუმროში რეაბილიტაციის კურსი შესთავაზეს.
„დღეს ეს ადამიანი თავს კარგად გრძნობს. ჩვენ და „საპარტნიორო ფონდმა“ ერთობლივად შევთავაზეთ რეაბილიტაციის კურსი „ლიკანის“ სასტუმროში, სადაც შეძლებს, რომ აღიდგინოს ძალები“,- განუცხადა მინისტრმა თურნავამ „ბიზნესფორმულას“ 9 ივლისს.
5 ივლისს თბილისში, ძალადობრივი და ჰომოფობიური აქციის პარალელურად, პოლონელი ტურისტის დაჭრეს.
ტელეკომპანია „ფორმულან” თავდაპირველად იუწყებოდა, რომ ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა, „გეი ეგონათ“, რის შემდეგაც ცივი იარაღით დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში კი არ არის ნახსენები შესაძლო ჰომოფობიური მოტივი; უწყების თანახმად, დაკავებული პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოულოდნელად დაესხა თავს და ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა.
განცხადებაში ეწერა, რომ „დაკავებულის ოჯახის წევრების განმარტებით, მას ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება“.
ნათია თურნავამ პოლონეთის მოქალაქე 7 ივლისს მოინახულა, რის შემდეგაც თქვა, რომ ტურისტზე თავდასხმა ერთეული შემთხვევაა და საქართველოში ყველა ტურისტი დაცულია.
„თუმცა, ამავდროულად, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ნებისმიერი ასეთი ფაქტი დამაზიანებელია ჩვენი იმიჯისთვის, ვინაიდან ტურიზმი არის სენსიტიური ინდუსტრია და სწრაფად რეაგირებს ასეთ შემთხვევებზე“, – განაცხადა მან.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, „საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, უსაფრთხო, მშვიდობიანი ადგილი ტურისტებისთვის“.